ლიტერატურათმცოდნეობა

ლიტერატურათმცოდნეობა, მეცნიერება, რომელიც სწავლობს მხატვრულ ლიტერატურას, მის წარმოშობას, არსსა და განვითარებას. თავდაპირველად ამ ტერმინმა პოპულარობა გერმანიაში მოიპოვა (მანამდე ფართოდ იყო გავრცელებული „ლიტერატურის ისტორია“). ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევა შეიძლება განხორციელდეს ოთხი ძირითადი მიმართულებით: ლიტერატურის თეორია, ლიტერატურული ტექსტის ანალიზი და ინტერპრეტაცია, წყაროთმცოდნეობა (მ. შ. არქივთმცოდნეობა) და ტექსტოლოგია. ლ., როგორც მეცნიერება, სამ ძირითად დარგად იყოფა: ლიტერატურის ისტორია, ლიტერატურის თეორია და სალიტერატურო კრიტიკა.

ლიტერატურის ისტორია აკადემიური დისციპლინაა, რ-იც შეისწავლის ლიტ-რის განვითარების ისტ. კანონზომიერებას, წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ, რაც დასაბამიდან შექმნილა ლიტ-რაში.

ლიტერატურის თეორია (პოეტოლოგია) შეისწავლის ზოგად ლიტ. კანონზომიერებებს, ლიტ-რას, როგორც ფენომენს. იკვლევს ტექსტის სტრუქტურას, ადგენს მის ჟანრულ კუთვნილებას, განიხილავს ლიტ. მიმართულებებსა და მიმდინარეობებს. ლიტერატურის თეორია ეფუძნება ხელოვნების თეორიასა და ფილოსოფიას, მჭიდრო კავშირი აქვს რელიგიასთან, ლინგვისტიკასთან, ესთეტიკასთან, კულტუროლოგიასთან, ანთროპოლოგიასთან, ფსიქოლოგიასთან და ა.შ. მას თეორიულ პოეტიკასაც უწოდებენ.

სალიტერატურო კრიტიკა XVIII ს-ში წარმოიქმნა. ის არის ლიტ. ნაწარმოებზე მიმართული დისკურსი, ერთგვარი მედიატორი მკითხველსა და ავტორს შორის. მისი ინტერესების სფეროა მიმდინარე ლიტ. პროცესი. იგი გვევლინება შემფასებლად, მხატვრული ქმნილების ავ-კარგის განმსაზღვრელად.

მართალია, ქართ. ლიტ-რის მეცნ. კვლევა და სისტემატიზაცია XIX ს-იდან იწყება, მაგრამ წარსულში, ეკლესია-მონასტრების სალიტ. სკოლებსა და ცენტრებში, მუშავდებოდა პალეოგრაფიის, თარგმანის თეორიის, ბიბლიოგრაფიის, ტექსტოლოგიის საკითხები, ჰაგიოგრაფიული ტერმინოლოგია; დაზუსტდა ჰაგიოგრაფთა ბიოგრ. დეტალები და სხვ. ეკლესიამ თავის წიაღში შექმნა და შემოინახა ქართ. სულიერი კულტურის ძეგლები.

ძვ. ქართ. საზღვარგარეთულ კერათა შორის განუზომელია ათონის ლიტ.-საღვთისმეტყველო სკოლის მნიშვნელობა. X ს. 70-იანი წლებიდან, იოანე მთაწმიდელისა და თორნიკე ერისთავის ინიციატივით, ფართოდ გაიშალა მუშაობა ხელნაწერთა გამრავლებისა და ნუსხების დამზადების მიზნით. ათონის ლიტ. სკოლაში გაჩაღდა დიდი მთარგმნელობითი მუშაობა.

შემორჩენილია X ს. სინას მთის ქართველი მოღვაწეების ლიტ. საგანძურის კატალოგი; საინტერესოა ასევე მელქისედეკ კათოლიკოსის მცხეთის გუჯარი (1040), რ-შიც ჩამოთვლილია სია იმ 25 წიგნისა, რ-ებიც მოუპოვებია მის მიერვე განახლებული და შემკობილი სვეტიცხოვლის ტაძრისათვის; მნიშვნელოვანია გრიგოლ ბაკურიანისძის მიერ (XI ს.) პეტრიწონის მონასტრის ტიპიკონში მოყვანილი სია წიგნებისა, რ-ებიც იქვე ინახებოდა; XVI ს-ში ბაგრატ ბატონიშვილმა დაწერა ტრაქტატი ისლამის წინააღმდეგ – „მოთხრობაჲ სჯულთა უღმრთოთა თათრისათა გამოკრებილი და სიტყვის გებაჲ ქრისტიანეთა მიერ“, რ-შიც ასახელებს ზოგიერთ ქართველ მწერალს.

1712 ვახტანგ VI-მ, თავისივე კომენტარებით, დაბეჭდა „ვეფხისტყაოსანი“, რ-ითაც სათავე დაუდო რუსთველოლოგიას.

საინტერესოა ანტონ კათოლიკოსის (იხ. ანტონ I) „წყობილსიტყვაობა“, რ-ის მე-7 ნაწილში მოცემულია ძვ. ქართ. მწერლობის მოკლე მიმოხილვა.

1731 მ. ბარათაშვილმა დაწერა პოეტური ტრაქტატი „სწავლა ლექსთა თქმისა“ („ჭაშნიკი“) – ქართ. ლექსის შესწავლის პირველი მცდელობა, რ-შიც განხილულია მხატვრული ნაწარმოების ფორმისა და შინაარსის ურთიერთობა, ქართ. ლექსის აგებულება, პოეზიის დიდაქტიკური ფუნქცია, განსაზღვრულია მისი თემატიკა.

ვენის უნ-ტის პროფესორ ფ. კ. ალტერის ნაშრომი ქართული ლიტერატურის შესახებ (Über Georgianische Literatur, 1798) შეიცავს იმ დროს რომსა და ვენაში შეკრებილი ქართ. ხელნაწერებისა და წიგნების ნუსხას. 1802 ე. ბოლხოვიტინოვმა თავის წიგნში «Историческое изображение Грузии в политическом, церковном и учебном ее состоянии» მიმოიხილა ძვ. ქართ. მწერლობა. 1810 თელავის სემინარიის ყოფილ რექტორს, დავით მესხიშვილს შეუდგენია სამასამდე თხზულებისა და ავტორის კატალოგი. 1813–28 იოანე ბატონიშვილმა „კალმასობაში“ შეიტანა ცნობები ქართვ. მოღვაწეთა და მწერალთა შესახებ („მცირე უწყება ქართველთა მწერალთათვის“).

ფრანგმა ქართველოლოგმა მ. ბროსემ გამოკვლევებში: „ქართული ლიტერატურის თანამედროვე მდგომარეობა“ (1828, პარიზი), „Hელოვნება აზნაურობითი გინა ქართულისა ენისა თჳთმასწავლებელი“ (1834, პარიზი) და „ქართული ენის გრამატიკა“ (1837, პარიზი) წარმოადგინა ქართ. ლიტ-რის თავისებურებები. მან ქართ. ლიტ. განიხილა ევროპული ლიტ-რის განვითარების პერსპექტივიდან. გერმანელმა მწერალმა ფ. ფ. ბოდენშტედტმა საქართველოში ხანგრძლივი მოგზაურობის შედეგად გამოაქვეყნა ,,ათას ერთი დღე აღმოსავლეთში“ (1850), რ-შიც გამოყოფილია ფოლკლორი, საერო და სას. თხზულებები.

ს. დოდაშვილი პირველი ქართველი მოაზროვნეა, რ-ის სახელთან მჭიდროდაა დაკავშირებული XIX ს. ქართ. ლიტ. კრიტიკისა და ესთეტიკური აზროვნების ახალი ეტაპი. მას ეკუთვნის ქართ. ენაზე დაწერილი ნაშრომი „რიტორიკა“, რ-შიც განხილულია „აღმკობილის პროზის“¨ ზოგადი კანონები. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს მის ნარკვევს „მოკლე განხილვა ქართულისა ლიტერატურისა, ანუ სიტყვიერებისა“, რ-შიც მოცემულია ძვ. ქართ. ლიტ-რის ისტორიის პერიოდიზაციის პირველი ცდა.

საინტერესოა თეიმურაზ ბატონიშვილის ქართ. ხელნაწერებისა და ძველად დაბეჭდილი წიგნების კოლექცია, რ-იც მისი გარდაცვალების (1846) შემდეგ გადაეცა მეცნ. აკადემიის სააზიო მუზეუმს.

XIX ს. 60-იანი წლებიდან თერგდალეულთა დიდი ღვაწლი ლ-საც დაეტყო. მრავალმხრივი განხილვის საგანი გახდა ლიტ. ისტორიის, თეორიისა და კრიტიკის პრობლემები (ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ნ. ნიკოლაძე, გ. წერეთელი, ს. მესხი, კ. ლორთქიფანიძე, დ. ბაქრაძე და სხვ.). უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო რუსთაველის პოემის ტექსტის შემსწავლელი კომისიის შექმნა (თავ-რე გ. ორბელიანი).

1880–94 ა. ცაგარელმა გამოსცა „ცნობები ქართული მწერლობის ძეგლებზე“ (რუს. ენაზე სამ ნაკვეთად), ხოლო 1888 – „ქართულ სიძველეთა ძეგლები წმინდა მიწაზე და სინაზე“ (რუს. ენაზე). მანვე პირველმა გამოაქვეყნა იოანე ზოსიმეს „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“ და პირველმა აღწერა „სინური მრავალთავი“.

1895–1907 ა. ხახანაშვილმა შექმნა ქართ. ლიტ-რის პირველი სისტემური კურსი ნაშრომით „ქართული სიტყვიერების ისტორია“ (ტ. 1–4). მისი ინიციატივითა და ფინანსური დახმარებით 1911 მოსკოვში ჩამოყალიბდა „ქართული მეცნიერების, ხელოვნებისა და ლიტერატურის შემსწავლელი საზოგადოება“.

1911–12 ქუთაისში გამოვიდა კ. აბაშიძის „ეტიუდები XIX ს. ქართული ლიტერატურის შესახებ“, რ-მაც უდიდესი როლი შეასრულა ქართ. ლიტ. კრიტ. აზროვნების განვითარებაში და, ამასთანავე, დაიწყო XIX ს. ქართ. ლიტ-რის ისტორიის მეცნ. შესწავლა. ქართ. ლიტ-რის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით პ. იოსელიანს, დ. ჩუბინიშვილს, ე. თაყაიშვილს, მ. ჯანაშვილს, ზ. ჭიჭინაძეს. XX ს. ქართ. ლიტ-რის ისტორიის განვითარებაში სრულიად გამორჩეულია კ. კეკელიძის ღვაწლი. 1923–24 გამოიცა მისი ფუნდამენტური ნაშრომი „ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია“ ორ ტომად და, ფაქტობრივად, ამით დაიწყო ლიტ-რის ისტორიის კვლევა-ძიების ახ. ერა. ასევე, საეტაპო მნიშვნელობის იყო მისივე „ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“ (14 ტომად).

ლ-ის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის ლიტერატურის მუზეუმს, რ-იც 1940 გამოსცემდა „ლიტერატურის მატიანეს“. მის ფონდებში თავმოყრილია ასი ათასზე მეტი ხელნაწერი, იკონოგრაფიული ძეგლები, მემორიალური ნივთები და უნიკალური წიგნები.

სამეცნ. კვლევა-ძიების რთულ გზაზე სრულიად განსაკუთრებული ეტაპი იყო ქართული ლიტერატურის ინ-ტის დაარსება (1942). ამავე წლიდან დაიწყო სოლიდური ბეჭდვითი ორგანოს, „ლიტერატურული ძიებანის“ გამოცემა. 1951 ინ-ტს დაევალა „ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემის მომზადება. საეტაპო მნიშვნელობის მოვლენა იყო „ქართული ლიტერატურის ისტორიის“ ექვსტომეულის მომზადება (დაიბეჭდა ხუთი ტომი). ინ-ტი გამოსცემს სამეცნ. ჟურნალებს ფოლკლორში, კრიტიკაში, რუსთველო-ლოგიაში, გალაკტიონოლოგიაში, ლიტერატურის თეორიასა და კომპარატივისტიკაში („სჯანი“).

1958 საქართველოს სახელმწ. მუზეუმის ხელნაწერთა განყ-ბის ბაზაზე შეიქმნა მეცნიერებათა აკადემიას დაქვემდებარებული კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინ-ტი (დამაარსებელი ი. აბულაძე, 2007-იდან – ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრი), რ-ის ორი უმთავრესი მიმართულებაა ხელნაწერების დაცვა-აღრიცხვა და მათი მეცნ. კვლევა.

ლ-ის განვითარებისათვის სერიოზულ სამეცნ. მუშაობას ეწეოდა თსუ-ის რუსთაველის, ილიას, აკაკის, ვაჟას, კ. გამსახურდიას კაბინეტები.

1962 საქართვ. მეცნ. აკადემიის პრეზიდიუმთან დაარსდა „ვეფხისტყაოსნის“ აკად. ტექსტის დამდგენი კომისია, 1966 კი რუსთაველის დაბადების 800 წლისთავის საიუბილეო დღეებში დაიბეჭდა „ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემა (ტექსტი ძირითადი ვარიანტებით, კომენტარებითა და ლექსიკონითურთ ორ ტომად, ა. შანიძისა და ა. ბარამიძის რედაქციით.

ძვ. ქართ. მწერლობისა და რუსთველოლოგიის კვლევასა და განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს პ. ინგოროყვამ, ა. ბარამიძემ, ს. კაკაბაძემ, ი. აბულაძემ, ვუკ. ბერიძემ, მ. გოგიბერიძემ, გ. იმედაშვილმა, ს. იორდანიშვილმა, ი. მეგრელიძემ, ი. გიგინეიშვილმა, გ. ჯაკობიამ, ს. ყუბანეიშვილმა, ლ. მენაბდემ, ი. ლოლაშვილმა, ს. ცაიშვილმა, ნ. ნათაძემ, მ. უჯმაჯურიძემ, მ. გუგუშვილმა, შ. ონიანმა, რ. ბარამიძემ, რ. თვარაძემ, ბ. დარჩიამ, რ. ფირცხალაიშვილმა, მ. კარბელაშვილმა, ზ. გამსახურდიამ, ე. ხინთიბიძემ, მ. ქავთარიამ. XX ს. 60-იანი წლებიდან ახალ ეტაპზე გადავიდა მედიევალური და რუსთველოლოგიური ძიებანი. სამეცნ. ასპარეზზე გამოსულმა 60-იანელთა თაობამ (რ. სირაძე, ლ. გრიგოლაშვილი, მ. გიგინეიშვილი, გრ. ფარულავა) კვლევები განაგრძო ახ. მეთოდოლოგიით – მხატვრულ-ესთეტიკურის გვერდით წინა პლანზე წამოსწია რელიგიურ-მისტიკური, სახისმეტყველებითი საკითხები. XX ს. 90-იანი წლებიდან გაძლიერდა ინტერდისციპლინური მიმართულება. ძვ. ქართ. მწერლობის შესწავლის საქმეში ჩაერთო ძვ. და ახ. თაობა: ნ. სულავა, ლ. ხაჩიძე, ხ. ზარიძე, ე. კოჭლამაზაშვილი, ე. ჭელიძე, ქ. ბეზარაშვილი, დ. მენაბდე, ს. მახარაშვილი, ე. კალანდარიშვილი, გ. კუჭუხიძე, გ. ალიბეგაშვილი, ვ. ამირხანაშვილი, ს. მეტრეველი, რ. ხალვაში და სხვ.

XIX ს. ქართ. ლიტ-რის კვლევისას ქართვ. მეცნიერებმა შეისწავლეს ეპოქა, ავტორთა ბიოგრაფიები, მათი შემოქმედების თავისებურებანი კოლონიზატორული დისკურსის მიმართ; გააანალიზეს რომანტიზმისა და რეალიზმის კარდინალური საკითხები. დაიწერა უაღრესად მნიშვნელოვანი მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები. ამ პერიოდის ქართ. ლიტ-რას იკვლევდნენ: ვ. კოტეტიშვილი,
ს. ხუნდაძე, მ. ზანდუკელი, გ. ქიქოძე, ს. დანელია, ლ. ასათიანი, ს. ხუციშვილი, გ. კიკნაძე, გ. ჯიბლაძე, ა. გაწერელია, დ. ბენაშვილი, დ. გამეზარდაშვილი, გ. აბზიანიძე, გ. ასათიანი, გ. აბაშიძე, ვ. ვახანია, პ. კეკელიძე, ა. გაჩეჩილაძე, ა. მახარაძე, ჯ. ჭუმბურიძე, ს. ყუბანეიშვილი, თ. კიკაჩეიშვილი, გ. შარაძე, ი. ევგენიძე; ამ დარგში დღესაც იღვწიან: გ. კალანდარიშვილი, მ. კაკაბაძე, ლ. მინაშვილი, მ. ნინიძე, მ. შარაშენიძე, ე. ზარდიაშვილი, ნ. ფრუიძე, ჯ. გაბოძე და სხვ.

XX ს. ქართ. ლიტ-რის ისტორიის შესწავლა (ისევე, როგორც ზოგადად, ქართ. ლ.) შეაფერხა საბჭ. ტოტალიტარულმა სახელმწიფომ. საქართვ.ს ანექსიის (1921) შემდეგ როგორც ქართული მწერლობა, ისე ლ. მკვეთრად იდეოლოგიზებული გახდა. 30-იანი წლებიდან ყველაფერი დაუქვემდებარეს სოციალ. რეალიზმის დისკურსსა და მკაცრ ცენზურას. მხოლოდ პოსტსაბჭოთა პერიოდიდან (1991-ის შემდეგ) მოხერხდა ლიტ. პროცესების ხელახალი შეფასება, თუმცა საბჭ. რეჟიმის დროსაც ბევრი რამ გაკეთდა კვლევის მიმართულებით. ამ რთული საუკუნის მწერლობის შესწავლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ს. ჭილაიამ, გ. მერკვილაძემ, გ. ციციშვილმა, გ. ასათიანმა, მ. კვესელავამ, გ. ბენაშვილმა, ტ. კვანჭილაშვილმა, ს. სიგუამ, ა. ბაქრაძემ, ვ. ცისკარიშვილმა, ა. ხინთიბიძემ, დ. თევზაძემ, გ. ხერხეულიძემ, ა. თოფურიამ, გ. გვერდწითელმა, ი. კენჭოშვილმა, ა. ნიკოლეიშვილმა, ლ. ავალიანმა, მ. კვაჭანტირაძემ, თ. დოიაშვილმა, ლ. ბრეგაძემ, ზ. ცხადაიამ, ზ. აბზიანიძემ, ნ. კუპრეიშვილმა, ი. მილორავამ. მ. ჯალიაშვილმა, ბ. წიფურიამ, ა. გომართელმა, ნ. გრიგალაშვილმა და სხვ.

ქართ. სალიტერატურო კრიტიკის ჩანასახს ჯერ კიდევ არჩილ II-ის „გაბაასებაში“ ვხვდებით. კრიტიკის პრინციპების ჩამოყალიბება დაკავშირებულია XIX ს. 60-იან წლებთან, კერძოდ, თერგდალეულების სახელებთან (ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ნ. ნიკოლაძე). ამ სფეროში აქტიურად იყვნენ ჩაბმული ს. მესხი, ა. ფურცელაძე, ი. მაჩაბელი, ვ. ბოსლეველი (ე. მჭედლიძე), რ. ხომლელი (რ. ფანცხავა), ი. გომართელი. ლიტ. კრიტიკაში ეტაპი შექმნა კ. აბაშიძის წერილებმა. XX ს. 10-იანი წლებიდან ამ სფეროს შემოემატა ახალი ძალები (ა. ჯორჯაძე, ი. ვართაგავა, გ. ქიქოძე, ვ. კოტეტიშვილი და სხვ.). საქართვ. გასაბჭოების შემდეგ კი უკუსვლა დაიწყო სალიტ. კრიტიკამ – იმძლავრა სოც. ლიტ-რის შეფასების მეთოდმა – სოც. რეალიზმმა. ამ პერიოდის კრიტიკოსთა შორის აღსანიშნავი არიან: პ. ქიქოძე, ფ. ნაროუშვილი, ფ. მახარაძე, ბ. ბუაჩიძე, კ. ლორთქიფანიძე, შ. რადიანი, გ. მუშიშვილი, ბ. ჟღენტი და სხვ. მომდევნო წლებში სალიტ. კრიტიკაში გამოჩდნენ ახალი სახეები: ლ. კალანდაძე, დ. ბენაშვილი, ს. ჭილაია, გ. ნატროშვილი, ვ. წულუკიძე, ე. ქარელიშვილი, შ. ჩიჩუა, გ. მარგველაშვილი, დ. თევზაძე, გ. ბარნოვი, გ. კანკავა, ზ. აბზიანიძე, ჯ. ღვინჯილია და სხვ.; ახ. ეტაპი კრიტიკულ აზროვნებაში დაიწყო XX ს. 60-იანი წლებიდან ო. პაჭკორიას, გ. ბენაშვილის, რ. თვარაძის, მოგვიანებით გ. გვერდწითელის, გ. გაჩეჩილაძის, ს. სიგუას, თ. დოიაშვილის, ლ. ბრეგაძის, კ. იმედაშვილის წერილებით. კრიტიკის ხარისხისა და პრესტიჟის ამაღლებაში, პატრიოტული სულისკვეთების, ეროვნ. ღირსების გამძაფრებაში განსაკუთრებულია ა. ბაქრაძის დამსახურება.

ლიტერატურის თეორია ლ-ის უაღრესად მნიშვნელოვანი დარგია. ჯერ კიდევ „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგშია განსაზღვრული პოეზიის არსი და მისი დანიშნულება. მოცემულია ლირიკულ-ეპიკური ჟანრების კლასიფიკაციის ცდა. ამ მიმართულებით თეორიული ცოდნა განვითარდა ბაროკოს ხანის ქართ. მწერლობაში, კერძოდ, არჩილისა და ვახტანგ VI-ის ნააზრევში. დაიწერა მ. ბარათაშვილის „ჭაშნიკი“, თეიმურაზ ბატონიშვილის „გვარნი ანუ საზომნი ქართულისა ენისა სტიხთა“, გაძლიერდა ინტერესი პოეტიკის საკითხებისადმი (ლ. ისარლოვი, გ. ყიფშიძე, მ. კელენჯერიძე, დ. ჩუბინაშვილი და სხვ.). 1912 დაიბეჭდა ს. გორგაძის „წყობილსიტყვაობა“. XX ს. 30–40-იან წლებში გამოქვეყნდა დ. ბენაშვილის, გ. ჯიბლაძის, ს. გაჩეჩილაძის, კ. კაპანელის, მ. დუდუჩავას, ს. იორდანიშვილისა და სხვათა ნაშრომები. ქართ. ლექსის კვლევას დიდი ამაგი დასდეს ა. გაწერელიამ, ა. ხინთიბიძემ, გ. მიქაძემ, ა. სილაგაძემ და სხვ.

ლიტ. თეორიის კვლევის ახ. ეტაპი დაკავშირებულია ქართ. ლიტ-რის ინ-ტში ლიტ-რის თეორიის განყ-ბის ჩამოყალიბებასთან (1954). გამოიცა „ლიტერატურის თეორიის საფუძვლები“, „ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი“. დარგის განვითარებას ხელს უწყობდა ა. და რ. ჭილაიების, თ. კიკაჩეიშვილის, ნ. ჭოლოკავას, გ. ლომიძის, გ. ზაუტაშვილის, ბ. დობორჯგინიძის საინტერესო ნაშრომები. XX ს. 90-იანი წლებიდან მკვეთრად განვითარდა ლიტ-რის თეორიის კვლევის ასპექტები, შემოვიდა ახ. თეორიები და მეთოდოლოგიები, განახლდა სამეცნ. ლექსიკური არსენალიც. ამ მხრივ საეტაპო მნიშვნელობის გამოდგა XXI ს. – დაიბეჭდა „ჟანრის თეორია“, „მეტაფორა“, „ლირიკული ჟანრები“, გამოვიდა „ლიტერატურათმცოდნეობის შესავალი“, „ლიტერატურის თეორიის“ სამი ტომი (ქრესტომათია). ლიტ-რის თეორიაში საინტერესო გამოკვლევების ავტორები არიან: თ. ბარბაქაძე, ვ. კავთიაშვილი, ლ. ცაგარელი, თ. ლომიძე, ნ. გაფრინდაშვილი, ი. რატიანი, გ. ლომიძე, კ. ბრეგაძე და სხვ.

XIX ს-ში საფუძველი ჩაეყარა ქართ. ფოლკლორისტიკას, რ-ის მომიჯნავე დისციპლინებია ეთნოლოგია-ეთნოგრაფია, კულტურული ანთროპოლოგია, რელიგიათმცოდნეობა, რელიგიის ისტორია. ქართ. ფოლკლორისტიკის სათავეებთან დგანან პ. იოსელიანი, თეიმურაზ ბატონიშვილი და ა. ჯამბაკურ-ორბელიანი. „აკაკის კრებულში“ (1897–1900) საგანგებო რუბრიკა ჰქონდა დათმობილი ფოლკლორულ ტექსტებს. ქართ. ფოლკლორისტიკის განვითარებას დიდი ამაგი დასდეს პ. უმიკაშვილმა და თ. რაზიკაშვილმა. 1904 ქართ. ფოლკლორის შესახებ თეორიული აზრი პირველმა გამოთქვა ა. ხახანაშვილმა ნაშრომში „ქართული სიტყვიერების ისტორია“; 1919 ვ. ბარნოვმა გამოაქვეყნა „ქართული სიტყვიერების ისტორიის გაკვეთილები“; 1924 გამოვიდა ა. შანიძის „ქართული ხალხური პოეზია, I, ხევსურული“. XX ს. 30-იან წლებში ვ. კოტეტიშვილმა ფოლკლორისტიკა ახ. ეტაპზე გადაიყვანა. ამავე პერიოდში გამოიცა პ. უმიკაშვილის „ხალხური სიტყვიერება“, „ხალხური შემოქმედების საუნჯე“ (სამ ტომად). XX ს. 40-იანი წლების ბოლოდან დაიწყო ქართ. ფოლკლორის მონოგრაფიული შესწავლა, რ-იც დიდი წვლილი მიუძღვის მ. ჩიქოვანს, ე. ვირსალაძეს, ქ. სიხარულიძეს, თ. ოქროშიძეს, ა. ღლონტს. ქართ. ფოლკლორის შემდგომ კვლევა-ძიებაში საეტაპო მნიშვნელობა ენიჭება „ქართული ხალხური პოეზიის“ 12-ტომეულის (1972–82) გამოცემას.

1979 წ. 14 აპრილს ვ. კოტეტიშვილისა და ა. ჭინჭარაულის თაოსნობით გაიმართა ხალხ. პოეზიის საღამო, რ-იც 1983-იდან ყოველ წელს ტარდებოდა. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართ. ფოლკლორის პოპულარიზაციასა და განვითარებაში.

2005-იდან საქართვ. ფოლკლორის სახელმწ. ცენტრში დაარსდა ზეპირსიტყვიერების მიმართულება, რ-ის საქმიანობა მოიცავს ქართული მითოლოგიის, ზღაპრების, ლეგენდების, გადმოცემების, თქმულებების, ეპოსის, ანდაზებისა და ზეპირსიტყვიერების სხვა ნიმუშების შემკრებლობით საქმიანობას, სამეცნ. კვლევას, გამოცემასა და პოპულარიზაციას.

ხალხური ზეპირსიტყვიერების კვლევის საქმეში დიდი წვლილი შეიტანეს: ფ. ზანდუკელმა, ჯ. ბარდაველიძემ, ო. ონიანმა, ა. ცანავამ, გ. ბარნოვმა, თ. ქურდოვანიძემ, თ. ჯაგოდნიშვილმა, რ. ჩოლოყაშვილმა, ა. არაბულმა, ტ. მახაურმა, ხ. მამისიმედაშვილმა, ქ. სიხარულიძემ, რ. ჩხეიძემ, დ. ბედიანიძემ, ე. ჩხეიძემ, მ. ხუხუნაიშვილმა, გ. ჭელიძემ, ი. ყველაშვილმა, ნ. რატიანმა, რ. ხაჭაპურიძემ, ე. ინწკირველმა, ნ. ბალანჩივაძემ, მ. ტურაშვილმა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ზ. კიკნაძის საეტაპო მნიშვნელობის კვლევები.

ქართ. ლ-ის განვითარებაში დიდია საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველოლოგთა წვლილი. XIX ს. 20-იან წლებში, კერძოდ 1822, პარიზში ჩამოყალიბდა „პარიზის სააზიო საზოგადოება“, რ-მაც დაიწყო „სააზიო ჟურნალის“ გამოქვეყნება. მასში დაიბეჭდა სტატიები საქართველოს შესახებ. 1825 ამ საზ-ბის წევრად აირჩიეს მ. ბროსე, რ-ის სახელთანაც დაკავშირებულია ქართველოლოგიის დასაწყისი ევროპასა და რუსეთში. 1837-იდან, მ. ბროსეს პეტერბურგში გადასვლის შემდეგ დაიწყო ქართველოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი ჰუმანიტარული მეცნიერების ისტორია. XIX ს. II ნახ-ში ჩვენს ლიტერატურასა და კულტურას მჭიდროდ დაუკავშირდნენ: მ. უორდროპი, ჯ. უორდროპი, ა. ლაისტი.

XX ს. დასაწყისში ქართ. ლიტ-რის შესწავლას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთში (ხელმძღვ. ნ. მარი). მისი ნაშრომების შემდეგ დაინტერესებამ ევროპაშიც იჩინა თავი, ერთ-ერთი პირველი იყო ა. ჰარნაკი; ქართ. საეკლესიო მწერლობის განხილვის ცდაა მოცემული ფ. ფრინკის ნარკვევში „ქართული ლიტერატურა“; გერმანიაში გამოქვეყნდა ა. ბაუმშტარკის ნაშრომი; ქართ. სას. მწერლობის მეცნ. კვლევას შეუდგა ინგლისელი არმენისტი ფ. კ. კონიბირი; ბელგიაში – აღმოსავლეთმოცოდნე პ. პეეტერსი, რ-მაც ლათინურად თარგმნა ქართ. ჰაგიოგრაფიის ძეგლები; 1932 ლონდონში დაისტამბა უ. ე. ალენის მონოგრაფია – „ქართველი ხალხის ისტორია“. მისი საქმე გააგრძელა დ. ლანგმა. ქართველოლოგიის ახალი ეტაპია ბელგიელი ჟ. გარიტის ნაშრომები; წარმატებით იკვლევს ბიბლიურ ტექსტებს ჯ. ნევილი; „ვეფხისტყაოსნით“ დაინტერესდა გერმ. გ. დე პეეტერსი. უცხოელი ქართველოლოგები ყოველთვის დიდი ინტერესითა და მონდომებით იკვლევდნენ ქართ. ლიტ-რის საკითხებს. მ. შ. არიან: ი. ასფალგი, ჰ. ფენრიხი, ფ. ფინკი (გერმანია); დ. რეიფილდი (დიდი ბრიტანეთი); რ. ბლეიკი, პ. და ბ. ბეინენები (აშშ); ლ. მაგაროტო (იტალია); ი. კოჯიმა (იაპონია); ე. ჰონიგმანი, ჟ. გარიტი, მ. ვ. ესბროკი – ბელგია; ჟ. კარსტი, ა. უზუნიანი (საფრანგეთი); ლ. გრიციკი (უკრაინა) და სხვ.

1978 გერმანიაში გამოვიდა სამეცნ. ქართველოლოგიური ჟურნ. „გეორგიკა“ (დამაარსებელი და მთ. რედაქტორი ჰ. ფენრიხი). 1993-იდან თბილისში დაარსდა ორენოვანი (ქართ. და ინგლ.), რეცენზირებული, პროფესიული და აკად. ჟურნ. „ქართველოლოგი“ (მთ. რედ. ე. ხინთიბიძე), რ-შიც ლიტერატურათმცოდნეობით პრობლემებზე პუბლიკაციებს აქვეყნებენ ს. ნიუველი (აშშ), კ. ჰორნი ( საფრ.), რ. სტივენსონი (დიდი ბრიტანეთი), რ. ლ. ლარსონი (შვედეთი), ჰ. პაპროცკი (პოლონეთი), ი. კოჯიმა (იაპონია).

ქართ. ლიტ-რის პოპულარიზაციასა და შესწავლაში დიდი წვლილი მიუძღვით ემიგრანტ ქართველოლოგებს, მ. შ.: მ. თამარაშვილს, მ. წერეთელს, გ. რობაქიძეს, მ. თარხნიშვილს, გ. ფერაძეს, შ. ბერიძეს, კ. სალიას, გ. შურღაიას და დ. კიზირიას. რუსთველოლოგიის განვითარებაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ვ. ნოზაძემ.

XXI ს. 10-იან წლებში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქართ. ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევების უცხო ენებზე გამოცემა: 2012 კემბრიჯში ინგლ. ენაზე გამოვიდა ქართ. ლიტ-რის ინ-ტის კრებული „ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი: მეოცე საუკუნის გამოცდილება“; ასევე 2016 ქართ. წიგნის ეროვნ. ცენტრისა და საქართვ. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, „მოკლე შესავალი ქართულ ლიტერატურაში“ (გერმ. ენაზე).

ლიტ.: კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ორ ტომად, თბ., 1980–81; კიკნაძე ზ., ქართული ფოლკლორი, თბ., 2007; ლიტერატურის თეორია, XX საუკუნის ძირითადი მეთოდოლოგიური კონცეფციები და მიმდინარეობები, რედ. თ. დოიაშვილი, ი. რატიანი), თბ., 2008; მეტრეველი ს., ესთეტიკა საბჭოთა ტოტალიტარიზმისა – პროლეტარული რეალიზმიდან სოციალისტურ რეალიზმამდე, თბ., 2022; XVI–XIII საუკუნეების ქართული ლიტერატურა, აღმოსავლური და დასავლური კულტურულ-ლიტერატურული პროცესების გზაშესაყარზე, რედ. ი. რატიანი), თბ., 2012; XX საუკუნის ქართული ლიტერატურა, ნაწ. 1–2, რედ. მ. კვაჭანტირაძე, ი. რატიანი, თბ., 2016–20; ქართული ლიტერატურა – ისტორია საერთაშორისო ლიტერატურული პროცესების ჭრილში, ნაწ. 1–2 (შუა საუკუნეებიდან პოსტსაბჭოთა ეპოქამდე), რედ. ი. რატიანი, თბ., 2015–16; ქართული რეალიზმის სათავეებთან, რედ. ი. რატიანი, თ. შარაბიძე, თბ., 2015; ქართული რომანტიზმი – ნაციონალური და ინტერნაციონალური საზღვრები, რედ. ზ. აბზიანიძე, თბ., 2012.

 ს. მეტრეველი