ლიტერატურის მუზეუმი საქართველოსი გიორგი ლეონიძის სახელობისა, სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ექვემდებარება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. მისი ისტორია იწყება 1929-იდან, როდესაც ა. გრიბოედოვის გარდაცვალების მე-100 წლისთავის აღსანიშნავად მთაწმინდაზე მოეწყო დიდი გამოფენა, რ-ის მომზადების დროს გამოვლინდა დიდძალი მასალა. ამას დაემატა კერძო პირთა მფლობელობაში არსებული საინტერესო არქივები. დ. არსენიშვილის ინიციატივით გაჩნდა მწერალთა მუზეუმის შექმნის იდეა. ამ საქმის ორგანიზება დაევალა ტ. ტაბიძეს, რ-მაც 1930 წ. 8 მაისს ოფიციალურად მიმართა თბილ. აღმასკომს წინადადებით, ა. გრიბოედოვის მუზეუმის ქართველ მწერალთა მუზეუმად გარდაქმნის თაობაზე. იგი ამავე დროს მოხსენებით გამოვიდა მწერალთა ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაზე. სწორედ ამ სხდომამ დაადგინა, შექმნილიყო მთაწმინდაზე დაკრძალულ მწერალთა და საზ. მოღვაწეთა მუზეუმი.
1931 მარტში მთაწმინდის მწერალთა მუზეუმი კომუნალური მეურნეობის გამგებლობაში გადავიდა. ფონდში დაცული იყო 329 ექსპონატი. მუზეუმის დირექტორად გ. ლეონიძე დაინიშნა, ქართ. განყ-ბის გამგედ – ტ. ტაბიძე, რუსული განყ-ბის გამგედ კი – ი. ენიკოლოფოვი.
მწერალთა და საზ. მოღვაწეთა ნაწილმა მუზეუმს უსასყიდლოდ გადასცა ხელნაწერები და მემორიალური ნივთები. ეწყობოდა ექსპედიციები საქართვ. სხვადასხვა კუთხეში ხელნაწერთა და იკონოგრაფიული მასალის შესაგროვებლად. 1933 წ. 14 სექტემბერს მუზეუმი საზეიმოდ გაიხსნა. 1934-იდან იგი თსუ-ს დაექვემდებარა, 1935 ოფიციალურად ეწოდა „საქართველოს მწერალთა მუზეუმი“, 1938-იდან კი – „საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურული მუზეუმი“. ამავე წელს მუზეუმი მთაწმინდიდან ა. ჯორჯიაშვილის (ახლანდ. გ. ჭანტურიას №8) ქუჩაზე გადაიტანეს. 1946-იდან მუზეუმი საქ. სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ კულტ.-საგანმან. დაწესებულებების საქმეთა კომიტეტის სისტემაში იყო, 1948–54 – საქართვ. მეცნ. აკადემიის, ხოლო 1954-იდან კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
მუზეუმში არის შემდეგი განყ-ბები: ხელნაწერთა, იკონოგრაფიული, უნიკალური წიგნების, აღრიცხვა-დაკომპლექტების, სარესტავრაციო, საგამოფენო-საგანმანათლებლო, საგამომცემლო ბ-კა.
ლ. მ. საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი განძსაცავია. აქ თავმოყრილია 126 000-მდე ხელნაწერი, 2335 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, 57040 ფოტოდედანი, 87 სკულპტურული ნამუშევარი, 76 ფოტოალბომი, 2 397 მემორიალური ნივთი, 50 640 უნიკალური წიგნი და ჟურნალ-გაზეთი, 957 აუდიო-ვიდეოჩანაწერი, 20 700 ნეგატივი, რ-თა გამოუყენებლად შეუძლებელია ქართული ლიტ-რის წარსული თუ მიმდინარე პროცესების კვლევა. მუზეუმის ფონდებში დაცულია მინიატიურული ოთხთავი (გიორგი მთაწმინდლის თარგმანი, გადაწერილი XII ს-ში ათონის ივერთა მონასტერში), ს.-ს. ორბელიანის ლექსიკონი და „სიბრძნე-სიცრუისა“ (გადაწერილი XVIII ს-ში); „ვეფხისტყაოსნის“ XVIII–XIX სს. ხელნაწერები; ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნი (გადაწერილი 1810); ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს ცხოვრება“ და „გეოგრაფია“ (გადაწერილი 1829); XVIII–XIX სს. ფილოს.-რელიგიური ხასიათის თხზ. ხელნაწერები; ნ. ბარათაშვილის, გ. ორბელიანის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ი. მაჩაბლის, ვაჟა-ფშაველას, ა. ყაზბეგის, გ. ტაბიძისა და სხვა მწერალთა არქივები თუ ცალკეული ხელნაწერები. აღსანიშნავია ა. დიუმას, ი. ტურგენევის, ა. ლაისტის, მარჯორი და ოლივერ უორდროპების, ა. ბელის, კ. ბალმონტის, ვ. ბრიუსოვის, ბ. პასტერნაკის და სხვათა ავტოგრაფები და წერილები.
მუზეუმში დაცულია გამოჩენილი ქართველი და რუსი მხატვრების –ა. ბერიძის, გ. გაბაშვილის, დ. კაკაბაძის, ლ. გუდიაშვილის, ე. ახვლედიანის, თ. აბაკელიას, მ. თოიძის, ი. ნიკოლაძის, უ. ჯაფარიძის, ე. ბაღდავაძის, რ. სტურუას, ლ. ცუცქირიძის, თ. ბუროვის („შოთა რუსთაველი“), პ. კოლჩინის („გარსევან ჭავჭავაძე“ და „გიორგი ორბელიანი“), ა. მორგუნოვისა და გ. კორადინის (ბატონიშვილთა მინიატიურული პორტრეტები) ნამუშევრები. აქვეა წარმოდგენილი დ. ერმაკოვის, ა. როინაშვილის, დ. აბაშიძის და სხვათა ფოტოდედნები. უნიკალური წიგნების ფონდში თავმოყრილია XVII–XIX და XX სს. ბიბლიოგრაფიული იშვიათობანი, მწერალთა და საზ. მოღვაწეთა პირადი ბ-კები (ი. მაჩაბლის, გ. ტაბიძის, შ. დადიანის და სხვ.), მათ შორისაა არჩილ მეფის მიერ დაარსებულ სტამბაში დაბეჭდილი სახარება, 1712 თბილისში დაბეჭდილი ვახტანგ VI-ისეული „ვეფხისტყაოსანი“, წიგნები პ. იოსელიანის, ა. წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ა. ყაზბეგის, გ. ტაბიძისა და სხვათა ავტოგრაფებით. აქვე ინახება XIX ს. უნიკალური პერიოდული გამოცემების – „ცისკრის“, „საქართველოს მოამბის“, „ივერიის“, „კრებულის“, „კვალის“, „ცისფერი ყანწების“, „მეოცნებე ნიამორების“, „კავკასიონის“ და სხვა უმნიშვნელოვანეს გამოცემათა სრული კომპლექტები თუ ცალკეული ეგზემპლარები.
მემორიალური ფონდის ფასდაუდებელი ექსპონატებია ცნობილ მწერალთა და საზ. მოღვაწეთა პირადი ნივთები (ტანსაცმელი, კაბინეტის მოწყობილობა, საოჯახო რელიკვიები). აუდიო-ვიდეოფონდში დაცულია უნიკალური ჩანაწერები.
მუზეუმის საექსპოზიციო განყ-ბა ყველა მწერლისა და საზ. მოღვაწის საიუბილეო თარიღს ეხმაურება დიდი თუ პატარა გამოფენით; ეწყობა ამა თუ იმ ლიტ. მიმდინარეობისა თუ პერიოდის განმაზოგადებელი ექსპოზიციები; იმართება მუზეუმის ფონდში დაცული მხატვრების ნამუშევრების გამოფენები, რ-ებიც თბილ. სკოლებსა და საქართვ. სხვადასხვა მუნიციპ-ებში იმართება.
მუზეუმის საგამომცემლო საქმიანობას საფუძველი ჩაეყარა 1940, როდესაც გ. ლეონიძის რედაქტორობით გამოვიდა მუზეუმის პირველი ბეჭდური ორგანოს, „ლიტერატურული მატიანეს“ I–II წიგნი. 1994 მუზეუმში დაარსდა გამომც. „ლიტერატურის მუზეუმი“, რ-ის მიზანია საზ-ბისთვის მუზეუმში დაცული უნიკალური მასალის მიწოდება.
მუზეუმი ნაყოფიერ კულტ.-საგანმან. საქმიანობას ეწევა. მწერლებთან და ხელოვანებთან ეწყობა შეხვედრები, ლექცია-საუბრები, საღამოები, წიგნების წარდგენები, კინოჩვენებები. მუზეუმის ბაზაზე დაარსდა ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ნ. ბარათაშვილის, მ. ჯავახიშვილის, კ. გამსახურდიას, ნ. ლორთქიფანიძის, ლ. ქიაჩელის, ი. გოგებაშვილის, ვაჟა-ფშაველას, ნ. ლომოურის, ა. ერისთავ-ხოშტარიას, თ. რაზიკაშვილის, ლ. უკრაინკას სახლ-მუზეუმები. მუზეუმს აქვს ორი ფილიალი: ტ. ტაბიძის ბინა-მემორიალი და ნ. დუმბაძის სახლ-მუზეუმი.
1931–53 მუზეუმის დირექტორი იყო გ. ლეონიძე. 1953–56 – ვ. ეგნატაშვილი, 1956–76 – ი. კაკაბაძე, 1976–82, 1989–91, 1992–2010 – ი. ორჯონიკიძე, 1982–88 – გ. ნატროშვილი, 1988–1989 – რ. თვარაძე, 1991–92 – გ. შარაძე, 2010-იდან – ლ. ბაქრაძე.
ლ. ბაქრაძე
თ. თვალავაძე
ი. ორჯონიკიძე