ლიტვინენკო ვასილ კონსტანტინეს ძე (2. II. 1899, სოფ. საველიევკა, სამარის გუბერნია, ჩრდ. ვოლგის მხარე, – 3. II. 1967, მოსკოვი), ბალეტმაისტერი, საოპერო მომღერალი, პედაგოგი. საქართვ. დამს. არტისტი (1941). 1915-იდან იყო სარატოვის ოპერისა და ბალეტის თეატრის მსახიობი, 1916 – ესტრადის მოცეკვავე, 1917–21 – ამავე თეატრის სოლისტი. 1921–22 სწავლობდა თბილ. გ. მორდკინის სტუდიაში, პარალელურად იყო თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (1921–24). 1924 დაამთავრა თბილ. კონსერვატორია ვოკალის განხრით (ხელმძღვ. ე. რიადნოვი). მუშაობდა ბაქოში, მოსკოვში (დიდი თეატრი), ხარკოვში, კიევში. 1935–47 კვლავ თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. დგამდა ცეკვებს რუსთაველის თეატრში. ამიერკავკ. სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში. ბალეტმაისტერ დ. ჯავრიშვილთან ერთად მონაწილეობდა ბალეტ „მალთაყვას“ შექმნაში (თანადამდგმელი და მთავრი როლის შემსრულებელი). თბილ. ოპერის თეატრში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ჯარჯი (ა. ბალანჩივაძის „მთების გული“), ახალკაცი (შ. თაქთაქიშვილის „მალთაყვა“) და სხვ.
მ. ჯაფარიძე