ლიტრი, მოცულობის საზომი სისტემგარეშე ერთეული, ტოლია 10-3მ3=1დმ3. საერთაშ. აღნიშვნაა L ან l (ზოგჯერ l), ქართული – ლ. ერთეულთა საერთაშორისო სისტემის ერთეულებთან ერთად, ლ-ის გამოყენება დაშვებულია შეუზღუდავად, მსგავსად ზოგიერთი სხვა სისტემგარეშე ერთეულისა (მაგ., საათი – სთ, დღე-ღამე – დღ-ღ და სხვ.). 1901-იდან ლ-ს განმარტავდნენ როგორც 1 კგ სუფთა წყლის მოცულობას ნორმალური (760მმ ვწყ. სვ.) წნევისა და 3.98°C ტემპერატურის პირობებში. შემდგომ გამოირკვა, რომ ეს მოცულობა 28 მემილიონედი ნაწილით აღემატება 1დმ3-ს, ამასთანავე, დამოკიდებულია გარემოს ტენიანობასა და წყლის იზოტოპურ შედგენილობაზე. შედეგად ზომათა და წონათა XII გენერალურმა კონფერენციამ 1964 მიიღო ლ-ის თანამედროვე განმარტება. ისტორიულად ტერმინი ლ. უკავშირდება მოცულობისა და მასის ერთეულს, ლიტრას, რ-იც გავრცელებული იყო ბერძნულ-რომაულ კულტურაში და ასევე საქართველოში. ფართოდ გამოიყენება ლ-ის წარმოებული ერთეულებიც, მაგ., დეკალიტრი – 1დკლ=10ლ, მილილიტრი – 1 მლ=10--3ლ და ა. შ.