ლიტურგიკა

ლიტურგიკა, ქრისტიანული ღვთისმსახურების შემსწავლელი დისციპლინა, რომელიც იკვლევს მის თეორიულ საფუძვლებს, განვითარების ისტორიულ პროცესებსა და ტრადიციებს, საეკლესიო დღესასწაულთა ციკლებს, ღვთისმსახურების შესრულების წესსა და რიგს და ა. შ. ლ., როგორც სამეცნ. დარგი, ჩამოყალიბდა XVIII ს-ში. მისი პირველწყაროებია სას. მოღვაწეთა თხზულებანი და მრავალფეროვანი ლიტურგიკული კრებულები.

ლ. სას. მწერლობის მნიშვნელოვანი დარგია. ქართ. ლიტურგიკულ ძეგლებში ასახულია ქრისტ. სამრევლო და სამონასტრო ღვთისმსახურების ტრადიციები საქართველოში. X ს-მდე ქართ. ეკლესიას წარმართავდა იერუსალიმური (იხ. ლექციონარი), X–XII სს-ში – კონსტანტინოპოლური რედაქციის (იხ. სვინაქსარი), შემდეგ – პალესტინის საბაწმიდის მონასტრის ტიპიკონი, რ-იც XVIII ს-ში სლავურის მიხედვით შეასწორეს. ცნობილია აგრეთვე ამა თუ იმ მონასტრისთვის დაწესებული სამონასტრო, ანუ ქტიტორული ტიპიკონები (მაგ., პეტრიწონის მონასტრისთვის დაწესებული გრიგოლ ბაკურიანის ტიპიკონი, 1084; „განგება ვანის ქუაბთა მონასტრისა“, 1204–34 და სხვ.).

ქრისტ. ღვთისმსახურების სამმა ძირითადმა ელემენტმა – საკითხავებმა, ლოცვებმა და საგალობლებმა – განაპირობა ლიტურგიკული წიგნების სპეციფიკა. ადრეულ ეტაპზე ბიბლიური საკითხავები ძირითადად ლექციონარებში იყო თავმოყრილი. შემდგომში ძველი აღთქმის საკითხავების კრებულს საწინასწარმეტყველო, ხოლო ახალი აღთქმისას აპრაკოსები ეწოდა. ბერძნულის მიხედვით შედგენილ საკითხავთა ქართ. კრებულებში ასახულია ღვთისმსახურების პრაქტიკის, მისი ტრადიციების მრავალსაუკუნოვანი ისტორია.

საეკლ. ლოცვები ძირითადად კონდაკებსა და კურთხევანებშია შეკრებილი. ქართ. საგალობლები თავმოყრილია ჰიმნოგრაფიულ კრებულებში (იადგარი, თვენი, მარხვანი, ძლისპირი და ა. შ.), რ-ებშიც ასახულია ბერძნ. და, შესაბამისად, ქართ. სას. პოეზიის განვითარება V–XVIII სს-ში უმარტივესი ფსალმუნური საგალობლებიდან რთულ პოეტურ-მუს. კომპოზიციებამდე.

ლიტ.: კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; საღმრთო ჟამისწირვის სახისმეტყველება, ნ. ქაჯაიას გამოც., თბ., 2018.

ლ. ხევსურიანი