ლიფანალი, ახალი წლის ციკლის დღესასწაული, მიცვალებულთა გამასპინძლების რიტუალი სვანეთში. იწყება ნათლისღების წინა დღეს (5/18 იანვ.), ანუ ახალი წლის მეოთხე დღეს და გრძელდება პირველი ორშაბათის ჩათვლით (ზემო სვანეთი); ქვემო სვანეთსა და ლეჩხუმში – უახლოეს ხუთშაბათამდე (გრძელდებოდა 2-იდან 7 დღემდე). ხალხური წარმოდგენით ამ დღეს მიცვალებულთა სულები თავიანთ ოჯახებს უბრუნდებოდნენ, ამიტომ მათ დასახვედრად განსაკუთრებულად ემზადებოდნენ: ლ-ის პირველ დღეს („ადგომ“) ასუფთავებდნენ ეზო-კარს, ხეხავდნენ ჭურჭელს, ასრულებდნენ რკინის „დაბორკვის“ წესს (ლ-ის დამთავრებამდე სახლიდან გაჰქონდათ რკინის ყველა ნივთი), არყის ხის ტოტებისგან ამზადებდნენ ლამპრებს ლამპრობის დღეობისთვის, სულების გასამასპინძლებლად შლიდნენ საწესო სუფრას. ლ-ის პირველი დღის ტაბლა სამარხვო იყო. სულებს ეტყოდნენ დიდებას და არა შენდობას. მათ გასამხიარულებლად ყვებოდნენ ზღაპრებს და ჭიანურზე უკრავდნენ; წყალში გაქნილი ნაცრით ხატავდნენ სხვადასხვა გამოსახულებას – „დააჭრელებდნენ“ კიდობანს, დგამ-ჭურჭელს, საქონლის სადგომის ტიხარს; კარებსა და კედლებზე გამოსახავდნენ ჯვრებს.
ლ-ის მეორე დღეს, ნათლისღებას (სვან. „განცხდაბ“), იშლებოდა სახსნილო ტაბლა. ცალკე იყო მიცვალებულთათვის განკუთვნილი სუფრა. ლ-ის განმავლობაში ეს რიტუალი მეორდებოდა ყოველდღე, დილა-საღამოს, გამონაკლისი იყო კვირადღე, რადგან ითვლებოდა, რომ ამ დღეს სულები „ქრისტეს წვეულები“ (სტუმრები) იყვნენ. ლ-ის განმავლობაში იკრძალებოდა ხმამაღალი ლაპარაკი, ბილწსიტყვაობა, ჩხუბი. ორშაბათს კი სულებს აცილებდნენ – ტაბლასთან ანთებდნენ სანთლებს, თავიანთ მიცვალებულებს სახელებით მოიხსენებდნენ და შენდობას ეტყოდნენ, შემდეგ კი გზაზე რძის დაპკურებით „აცილებდნენ.“
ლ-ის რიტუალები არქაულ წარმოდგენებს ემყარება, რ-თა თანახმად მიცვალებულებს შეეძლოთ ცოცხალთა ცხოვრებაზე სასიკეთო გავლენის მოხდენა და ღვთაებათა წინაშე შუამდგომლობა. იგი ასევე უკავშირდება შეხედულებებს ბუნების ძალთა აღორძინების შესახებ და ამიტომაც მოექცა ახალი წლის დღესასწაულთა ციკლში, რ-ის წარმმართველი იდეა სწორედ „მზის მობრუნება“ და ნაყოფის მიმნიჭებელ ძალთა განახლება იყო. მსგავსი დღესასწაულები (სულთშეკრება, სუნთობა და სხვ.). წლის სხვადასხვა დროს საქართვ. მრავალ კუთხეშია დამოწმებული. უძველესმა მსოფლმხედველობამ ქრისტიანიზებული, სინკრეტული სახით დღემდე მოაღწია, ყველაზე ცოცხალი სახით კი სვანეთის ყოფამ შემოინახა.
ლიტ.: აბაკელია ნ., სიმბოლო და რიტუალი ქართულ კულტურაში, თბ., 1997; ბარდაველიძე ვ., სვანურ ხალხურ დღეობათა კალენდარი, „მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის“, 1953, ტ. 6; ნიჟარაძე ბ., სვანური ხალხური დღესასწაულები: ლიფანალი, „შრომა“, 1883, №22; ღუდუშაური თ., XIX საუკუნის მეორე ნახევრის გერმანული წყაროები ქართველი ხალხის სულიერი კულტურის შესახებ, თბ; 2005; წერედიანი ნ., სვანურ ხალხურ დღეობათა საწელიწადო კალენდარი, ნაწ. 2, „ამირანი“, კავკასიოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოებრივი ინსტიტუტის მოამბე, 2004, №11.
ი. სურგულაძე