ლიხაური (1951-მდე ვაშტიალი), სოფელი გურიის რეგიონის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მდ. აჭისწყლის ხეობაში. თემის ცენტრი (სოფლები: ლ. აჭი, კვაჭალათი, ნიაბაური). ზ. დ. 120 მ, ოზურგეთიდან 5 კმ. 952 მცხ. (2014). ლ-ში დაიბადა ე. თაყაიშვილი, იქვეა მისი სახლ-მუზეუმი.
სოფელში შემორჩენილია ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი, რ-შიც ეკლესიის გარდა შედის ორსართულიანი სამრეკლო და გალავანი. ეკლესია დარბაზულია, თარიღდება XIII ს-ის II ნახ-ით. გადაკეთებულია მოგვიანებით. გვიანდელია კარიბჭეც, რ-იც ეკლესიას დას-იდან ეკვრის. სამრეკლო ტაძრის დას-ითაა. სამშენებლო წარწერის თანახმად (მდებარეობს დას. ფასადზე), იგი 1422 თარიღდება.
გალავანი მხოლოდ ნაწილობრივადაა შემორჩენილი. XV–XVI სს-ში ეკლესია მთლიანად მოუხატავთ (შემორჩენილია მხოლოდ ორი სცენა). 1989 ეკლესიას და სამრეკლოს ჩაუტარდა რესტავრაცია.
2010–11 სტიქიური მოვლენებისგან დასაცავად, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილი საყრდენი კედლებით გაამაგრეს.
ეკლესიაში მრავალი სიძველე იყო დაცული, მ. შ. ღვთისმშობლის, მაცხოვრის, იაკობ მოციქულის და წმ. გიორგის ხატები. ეკლესიაში ინახებოდა ორი ძველი ქართული ხელნაწერი, ასევე ზარი მხედრული წარწერით და სხვ.
ლიტ.: ბაქრაძე დ., არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათუმი, 1987; გომელაური ი., ლიხაურის ეკლესიის სამრეკლო, ძეგლის მეგობარი, 1969, №17; თაყაიშვილი ე., არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, ტფ., 1907; ყაუხჩიშვილი თ., საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, თბ., 2004.