ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი

ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. X–XI სს. მიჯნა

ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (X–XI სს. მიჯნა), ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს გუდაუთის მუნიციპ-ის, სოფ. ლიხნში (აფხ. არ). ტაძარი წაგრძელებული ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა, რ-საც აღმ-ით სამი შვერილი აფსიდი  აქვს. ტაძარს დას-იდან, ჩრდ-იდან და სამხრ-იდან მაღალი, კამაროვანი კარიბჭე ეკვრის. ეკლესია, რ-ის ფასადები მოყვითალო კირქვის თლილი ფილებითაა მოპირკეთებული, მოკლებულია მორთულობას, რითაც უფრო თვალსაჩინო ხდება პროპორციების დახვეწილობა და ჰარმონიულობა. გუმბათის რვაწახნაგა ყელი, პანდანტივებს ეყრდნობა, ყოველ წახნაგში თითო სარკმელია. სამ-სამი სარკმელია საკურთხეველსა და მკლავებში. შიდა სივრცე გართულებულია: ნართექსის თავზე, დას-ით, მოწყობილია პატრონიკე, რ-იც სამ კამაროვან მონაკვეთად იყოფა და თაღებით უკავშირდება მთავარ სივრცეს. ტაძრისა და კარიბჭეების კედლები შიგნიდან მთლიანად ყოფილა მოხატული (შემორჩენილია ფრაგმენტები). მოხატულობა შეიცავს ორ ფენას – ადრინდელს (XI ს.), ფრაგმენტულად გადარჩენილს და გვიანდელს (XIV ს.), აგრეთვე  ქართ. და ბერძნ. წარწერებს. მოხატულობა გამოირჩევა ფაქიზი კოლორიტით, რამდენამდე წაგრძელებული ფიგურების დინამიკურობით, ექსპრესიულობით და ატარებს პალეოლოგოსთა სტილის ნიშნებს (მკვეთრად გამოხატული ელინისტური ელემენტები). შემორჩენილია უფრო ადრინდელი, X–XI სს. მოხატულობის კვალიც.

ტაძრის მახლობლად არის ფეოდალური სასახლის – აფხაზეთის მთავრების (შერვაშიძეები) 2-სართულიანი რეზიდენცია. სასახლე შუა საუკუნეებისაა. XIX ს-ში გააფართოვეს და გადააკეთეს. დაიწვა 1866 გლეხთა აჯანყების დროს. მას შემდეგ აღარ აღუდგენიათ.

ლიტ.: სილოგავა ვ., სამეგრელო-აფხაზეთის ქართჳლი ეპიგრაფიკა, თბ., 2006; Рчеулишвили Л. Д., Купольная архитектура VIII–IX веков в Абхазии, Тб., 1988; Brosset M.-F., Rapport sur un voyade archeologigue dans la Georgie et dans L. Armenie, Livr 1, S.-Pb., 1849.

ვ. სილოგავა