ლობჟანიძე გიორგი ილიას ძე (დ. 20. II. 1974, სოფ. ნაბახტევი, ხაშურის მუნიციპალიტეტი), აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი.
1996 დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი არაბული ენისა და ლიტ-რის განხრით. 1997 სწავლა განაგრძო თეირანის უნ-ტში როგორც თეოლოგიის ფაკ-ტის ასპირანტმა რელიგიებისა და მისტიკის სპეციალობით. პარალელურად ლ. მუშაობდა ირანში საქართვ. საელჩოს რეფერენტად. 1999 მუშაობა დაიწყო თსუ-ის სემიტოლოგიის კათედრაზე, პარალელურად იყო ირანის საელჩოს თარჯიმანი. საყურადღებოა თეირანის უნ-ტში მომზადებული სადისერტაციო ნაშრომი „იესო და მარიამი ყურანში“ (დაიცვა 2005 თსუ-ში).
ლ-ის სამეცნ. კვლევების ძირითადი მიმართულებებია: თარგმანი და თარგმანის თეორიის საკითხები, ყურანისტიკა, შუა საუკუნეებისა და თანამედროვე სპარს. და არაბ. ლიტ-რის საკითხები. ლ-ის მნიშვნელოვანი თარგმანებია: სპარსულიდან – ჯალალ ედ-დინ რუმის „ყაზალები“ (შესავალი წერილითა და განმარტებებით, 1995), „არსთა მესნევი“ (წგ. I – 2020, „შაჰრიარის მედალი“ – ირანის ისლამური რესპუბლიკის თავრიზის უნ-ტის საერთაშორისო მედალი მსოფლიო ირანისტიკაში შეტანილი წვლილისათვის, 2022; წგ. II – 2021), სოჰრაბ სეფეჰრუს „წყლის ფეხის ჩქამი“ (ლექსები, პოემები, შესავალი წერილითა და განმარტებებით 2004); საადი შირაზელის „გოლესთანი“ (შესავალი წერილითა და განმარტებებით, 2010); არაბულიდან – იბნ-ალ მუკაფას „წიგნი „ქილილასა და დიმნასი“ (თარგმანი, ბოლოთქმა და განმარტებანი, 2002, 2016); ჯიბრან ხალილ ჯიბრანის „იესო, ძე კაცისა“ (რომანი, 2003); „ყურანი“ (გამოკვლევა, კომენტარები, 2006; პრემიები: წლის საუკეთესო თარგმანის ნომინაციაში, ი. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის პრემია „საგურამო“, ირანის სახელმწ. პრემია „წლის წიგნი“ ყურანისტიკაში, საუკეთესო უცხოური კვლევის ნომინაციაში) და სხვ.
ავტორია ლექსების 5 კრებულისა.
თხზ.: ბაბუაწვერას თაიგული, ლექსები, თბ., 2004; დუღილის ტემპერატურა, ლექსები, თბ., 2004; მუჰამედის ცხოვრება, თბ., 2008; არაბულის მასწავლებელი, ლექსები, თბ, 2014.
მ. თუშიშვილი