ლოგიკა (ბერძნ. logikè) მეცნიერება სწორი აზროვნების ფორმებისა და კანონების შესახებ. საგულისხმოა, რომ რასაც ჩვენ დღეს ლ-ს ვუწოდებთ, არისტოტელე უწოდებდა ანალიტიკას. ზოგი ინტერპრეტატორის მიხედვით, ანალიტიკა არის საწყისებთან მისვლა. პირველად სიტყვა „ლოგიკა“, როგორც მეცნიერული დისციპლინის სახელი, გამოიყენა ძენონ კიტიონელმა (ძვ. წ. 333/332–262/261). არისტოტელე იყენებდა ზედსართავს „ლოგიკური“. მისი აზრით, ლოგიკურად ასაბუთებს ის, ვინც იყენებს იმ დებულებებს, რ-ებიც გამოხატავენ საგანთა ბუნებას. ამავე დროს, ლ-ის დღევანდელი მნიშვნელობა გაიგივებული იყო ტერმინ „დიალექტიკასთან“. თითქმის დღევანდელი მნიშვნელობით გამოიყენებოდა ტერმინი „ლოგიკა“ სტოიკოსებთან. მათი აზრით, ლ. არის მეცნიერება წინადადებისა და მისი ნაწილების შესახებ, რ-იც ორ ნაწილად იყოფა: რიტორიკად და დიალექტიკად. სწორედ ამ უკანასკნელში მოიაზრებდნენ ისინი ლ-ს დღევანდელი მნიშვნელობით.
ძვ. წ. I ს-ში, როცა არისტოტელეს მოწაფეებმა გამოსცეს მისი ნაშრომები, არისტოტელეს ლოგიკური ტრაქტატების მთელ კორპუსს ეწოდა „ორგანონი-ბიბლია“, რაც შემდეგ ტრანსფორმირდა სიტყვად „ორგანონი“. ეს არის როგორც არისტოტელეს, ისე სტოიკოსების აზრის ასახვა ლ-ის და მისი ფუნქციის შესახებ. არისტოტელე ფიქრობდა, რომ ლ. არის მხოლოდ ფილოს. ინსტრუმენტი და არა ფილოს. ნაწილი. მან ყურადღება მიაქცია ლ-ის ნორმატიულ მხარეს. სტოელები კი ფიქრობდნენ, რომ ლ. არის ინსტრუმენტი და ფილოს. ნაწილიც. დღევანდელი მნიშვნელობით სიტყვა „ლოგიკა“ ალექსანდრე აფროდისიელმა (ახ. წ. III ს.) გამოიყენა; ამ დროიდან იხმარებოდა ორი ტერმინი – „ლოგიკა“ და „დიალექტიკა“. ეს უკანასკნელი გამოიყენებოდა XII ს. ბოლომდე. XIII ს-იდან „ანალიტიკების“ შესწავლის შედეგად განსაკუთრებით აქტუალური ხდება ტერმინი „ლოგიკა“, რ-იც გავრცელებული იყო XVI ს-მდე. XVI ს-ში მოცემული დარგის აღმნიშვნელი ტერმინი კვლავ „დიალექტიკა“ ხდება, XVII ს-ში კი ისევ ტერმინი „ლოგიკა“ მკვიდრდება. ტერმინი „ფორმალური ლოგიკა“ გ. ლაიბნიცის გავლენით შემოიღო ი. კანტმა. აღსანიშნავია, რომ ლ-ის ფორმალურობას მთელი თავისი არსით პირველად სწორედ გ. ლაიბნიცმა მიაქცია ყურადღება.
ლ., რ-საც შუა საუკუნეებში (გვიანანტიკური ფილოს. ტრადიციისამებრ) დიალექტიკად მოიხსენიებდნენ, ქართ. ფილოს. და საღვთისმეტყველო აზროვნების ერთ-ერთი მთავარი დარგის სტატუსს იძენს. ქართ. ფილოსოფია ქრისტიანობის წიაღში წარმოიშვა, რამაც განსაზღვრა კიდეც მისი შემდგომი განვითარების ეტაპები და ტენდენციები. თავდაპირველად ეს საგნობრივი ვითარება სტოელთა მოძღვრების და ქრისტ. მრწამსის ნაყოფიერი კომბინაციით აისახა. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ სტოიკური აზროვნების მნიშვნელოვანი ასპექტები დიდწილად განსაზღვრავდა ქრისტ. ფილოსოფიის განვითარების პროცესს. სტოიკოსთა მიერ განვითარებული ფილოს. დისციპლინები ქრისტიანობაში ხელახლა აღორძინდა. ამრიგად, ქართული ფილოს. აზროვნების დასაწყისში საგანგებო ყურადღება ექცეოდა რიტორიკას, ლ-ს და ეთიკას.
უძველესი ცნობები საქართველოში ფილოს. აზროვნების არსებობის შესახებ IV ს-ში კოლხეთის ფილოს. აკადემიას, კერძოდ კი, ფაზისის რიტორიკულ სკოლას უკავშირდება. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ცნობა ეკუთვნის ცნობილ ბერძენ ფილოსოფოსსა და ლოგიკოსს, თემისტიოსს (IV ს.), რ-იც არისტოტელეს მიმდევარი და მისი ნაშრომების კომენტატორი იყო. შემორჩენილია მისი კომენტარები არისტოტელეს შემდეგი თხზულებების შესახებ: „პირველი ანალიტიკა“, „მეორე ანალიტიკა“, „ფიზიკა“, „ცის შესახებ“, „სამშვინველის შესახებ“, „მეტაფიზიკა“ და „მცირე საბუნებისმეტყველო ნაშრომების შესახებ“. თემისტიოსი არისტოტელეს თხზულებათა განმარტებას პარაფრაზების მეშვეობით ცდილობდა, რაც შემდეგ ფილოს. კომენტარის ერთ-ერთ უმთავრეს მეთოდად იქცა.
ლ. სწორი აზროვნების წესების შესახებ მოძღვრებას ავითარებს და სასწავლო-სამეცნ. პროცესის ეფექტიანად წარმართვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. შუა საუკუნეების ქართველმა მოაზროვნეებმაც შეისწავლეს და გამოიყენეს არისტოტელეს ნაშრომთა კორპუსი და მისი კომენტატორების თხზულებები. მომზადდა მათი (ამონიოს ერმისი და სხვ.) თხზულებების ძველქართული თარგმანები. ამ საქმეში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართველმა მთარგმნელმა იოანე ტარიჭისძემ (XI–XII სს.). ფილოსოფიის ექვსი ცნობილი განსაზღვრება, რ-იც ამონიოს ერმისის (დაახლ. 440–517) ნაშრომებშია მოცემული, მოგვიანებით, მთელი ალექსანდრიული ნეოპლატონიზმის (იოანე ფილოპონოსი, ელიასი) კონტექსტში ხდება მნიშვნელოვანი. აღსანიშნავია V–VI სს. ნეოპლატონიზმის ალექსანდრიული სკოლის კომენტარები, რ-ებიც, თავის მხრივ, ნეოპლატონიკოს პროკლეს (V ს.) ფილოსოფიის ზეგავლენას განიცდიდა.
ალექსანდრიული ნეოპლატონიზმის სკოლა საგანგებოდ განმარტავდა არისტოტელეს ლოგიკურ ნაშრომებს. განსაკუთრებული ინტერესის საგნად იქცა არისტოტელეს „კატეგორიები“ და პორფირიოსის კომენტარი ამავე ნაშრომზე – „ისაგოგე“.
ალექსანდრიული ნეოპლატონიზმის წარმომადგენლები (განსაკუთრებით კი ამონიოს ერმისი) შუა საუკუნეებისა და ახალი დროის ქართულ ფილოსოფიაში დიდ როლს ასრულებდნენ. ამ ტრადიციის კვალი პირდაპირ თუ ირიბად იგრძნობა იოანე პეტრიწის კომენტარში. პეტრიწი პირდაპირ ასახელებს ასკლეპიოსს. სავარაუდოა, რომ იგი იცნობდა ამონიოს ერმისის ზემოთ დასახელებულ კომენტარებსაც.
ახალი დროის ქართულ ფილოსოფიასა და თეოლოგიაზე ამონიოს ერმისის ძველქართული თარგმანები დიდ გავლენას ახდენდა. ს.-ს. ორბელიანმა სწორედ ამ ტექსტებიდან აიღო არაერთი განსაზღვრება და ტერმინი თავის „სიტყვის კონაში“. გვიანი ანტიკური ხანის ლ-ის მიმართ საგანგებო ინტერესს იჩენდა ანტონ ბაგრატიონი (1720–88). ამონიოს ერმისის ლოგიკური ტექსტების ძველქართული თარგმანები მისი ფილოსოფიის ერთ-ერთ უმთავრეს წყაროს წარმოადგენდა.
საქართველოში ლ-ის ისტორიის განვითარების კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანია იმ ფაქტის ხაზგასმა, რომ ამონიოს ერმისის თხზულებათა ძველქართული თარგმანები ადასტურებს ალექსანდრიული ნეოპლატონიზმის რეცეფციისა და ტრანსფორმაციის მდიდარ ისტორიას, რ-იც საქართველოში შუა საუკუნეებიდან დაიწყო, ახალ დროში გაგრძელდა და დღემდე საგანგებო ინტერესის საგანია.
შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში არისტოტელეს ლოგიკურ თხზულებათა რეცეფციის, ათვისების გზა ქრისტ. პერსპექტივით წარიმართა. ამის თვალსაჩინო მაგალითია იოანე დამასკელისა (675–749) და თეოდორე აბუკურას (750–830) თხზულებათა ძველქართული თარგმანები, რ-ებიც შემორჩენილია არსენ იყალთოელის (XI–XII სს.) მიერ შედგენილ კრებულში – „დოღმატიკონი“. ბიზანტიელი ფილოსოფოსის, იოანე დამასკელის ნაშრომები ქართული კულტურის სივრცეში ფართოდ იყო ცნობილი და დიდი პატივით სარგებლობდა. იგი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქრისტიან ფილოსოფოსად ითვლებოდა. XI ს-ში ეფრემ მცირემ იოანე დამასკელის „წყარო ცოდნისას“ („ცოდნის წყარო“) პირველი და ბოლო ნაწილები თარგმნა. იოანე დამასკელი კარგად იცნობდა ბერძნულ ფილოსოფიას; მის ნაშრომებში აშკარად ჩანს ბერძენი მოაზროვნეების ნაკვალევი, თუმცა იგი ხშირად ბერძენთა აზროვნებას ტრანსფორმირებული სახით წარმოადგენდა. მას კარგად ესმოდა არისტოტელეს ლ-ის მნიშვნელობაც და ფილოსოფიის ინსტრუმენტებს ერეტიკოსთა წინააღმდეგ საბრძოლველადაც იყენებდა. ეფრემ მცირემ ეს სპეციალური სტრატეგია იცოდა და ცდილობდა, რომ თვითონაც გამოეყენებინა საქართველოში ინტელექტუალური მუშაობის ეს ქმედითი წესი. საქართველოში ლ-ის ისტორიის განვითარების კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია იოანე დამასკელის ამ ნაშრომის პირველი ნაწილის („დიალექტიკა“) ძველქართული თარგმანი, რ-იც არისტოტელეს ლოგიკური ნაშრომების (მოძღვრებების) ქრისტ. რეცეფციისა და ტრანსფორმაციის საყურადღებო ნიმუშს წარმოადგენს. ისიც მართალია, რომ შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში არისტოტელეს მოძღვრების მიმართ დიდი ინტერესი შეიმჩნეოდა, მაგრამ მისი შეხედულებების ანალიზი და განხილვა, უმეტესწილად, ქრისტ. ფილოსოფიის კონტექსტში და, საერთოდ, ქრისტიანობის პრიზმაში ხდებოდა. ამავე კონტექსტში განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს არსენ იყალთოელის ღვაწლი. ახალი დროის ქართული ფილოსოფიის თვალსაჩინო წარმომადგენლებიც კი საგანგებოდ აღნიშნავდნენ არსენის ლოგიკური ნაშრომების მნიშვნელობას. ანტონ ბაგრატიონი თვლიდა, რომ მისი ლოგიკური არგუმენტები ურღვევი იყო.
არისტოტელეს ფილოს. გავლენა იგრძნობა იოანე პეტრიწის (XII ს.) „განმარტებაჲში“, კერძოდ კი იმ მონაკვეთში, რ-იც ლოგიკური შემეცნების საკითხებს განიხილავს. გადმოცემით ვიცით, რომ ქართველმა მოაზროვნემ არისტოტელეს ორი მნიშვნელოვანი ლოგიკური თხზულება („განმარტებისათვის“ და „ტოპიკა“) უნდა ეთარგმნა. ეს თარგმანები შემორჩენილი არ არის, მაგრამ სწორედ „განმარტებაჲზე“ დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არისტოტელეს ენობრივ-ლოგიკური კვლევანი პეტრიწისთვის კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი. სავარაუდოა ისიც, რომ იოანე პეტრიწს ამ ნაშრომთა თარგმნა ენის არისტოტელესეული გაგების შესასწავლად სჭირდებოდა. ყოველ შემთხვევაში, იგი თავისი „განმარტებაჲს“ პროლოგში მოიხმობს და განმარტავს რამდენიმე ადგილს არისტოტელეს ნაშრომიდან „განმარტებისთვის“ („პერი ჰერმენეია“). აქ პეტრიწი ეხება ენის სტრუქტურისა და მორფოლოგიის საკითხებს (სახელი, ზმნა, წინადადება). სწორედ ამგვარი მიდგომით იგრძნობა პეტრიწის ენობრივი აღქმის არაერთი ასპექტი: მისი მიზანია იპოვოს ზოგიერთი დებულების ჩამოყალიბების ადეკვატური ტერმინოლოგიური საფუძველი. სწორედ აქედან ჩანს არისტოტელეს ენის თეორიის სათანადო ცოდნა.
იოანე პეტრიწი თავის „განმარტებაჲში“ არისტოტელეს შემდეგ თხზულებებს ასახელებს: „პირველი ანალიტიკა“, „მეორე ანალიტიკა“, „წარმოშობისა და ხრწნის შესახებ“, „განმარტებისათვის“, „ფიზიკა“. პეტრიწის კომენტარიდან ისიც იკვეთება, რომ იგი არისტოტელეს ლოგიკურ ნაშრომთა სრულ კრებულს („ორგანონი“) იცნობდა და მრავალჯერ ახდენს „ორგანონის“ შემადგენელი ამა თუ იმ ნაშრომისა თუ ადგილის პარაფრაზს.
ახალი დროის ქართულ აზროვნებაში მრავალი ლოგიკური თხზულება გავრცელდა ორიგინ. თუ ნათარგმნი სახით. ორიგინ. თხზულებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: ანტონ პირველის „კატეგორია სიმეტნეჲ“ (1767); დავით ბატონიშვილის „კატიღორია შემოკლებული“ (XVIII ს.); ს. დოდაშვილის „ლოგიკა“ (1827). თარგმნილი ლოგიკური თხზულებებიდან კი: დავით უძლეველის „წიგნი საზღვართა“, რ-იც 1758–62 თარგმნეს ფ. ყაითმაზაშვილმა და დ. ჩერქეზიშვილმა (ნეკრესელი); 1737 ზურაბ შანშოვანმა და ვახუშტი ბატონიშვილმა თარგმნეს არისტოტელეს „პერი ჰერმენეიას“ „შემოკლებული ახსნა“, რ-იც დავით უძლეველს ეკუთვნის. იგივე ტექსტი 1762 მეორედ თარგმნეს ფ. ყაითმაზაშვილმა და დ. ჩერქეზიშვილმა; სომხური ლოგიკური ტრადიციიდან აღსანიშნავია სიმეონ ჯუღაეცის „დიალექტიკა“, რ-იც 1755 უნდა იყოს ქართულად თარგმნილი ანტონ პირველისა და ფ. ყაითმაზაშვილის მიერ. გარდა ამ ტექსტებისა, სომხური ენიდან არაერთგზის ითარგმნა თავად არისტოტელეს მნიშვნელოვანი ლოგიკური თხზულებები („კატეგორიები“ და „პერი ჰერმენეია“).
ახალი დროის ქართულ ფილოს. აზროვნებაში (ქართული და სომხური ლოგიკური ტრადიციის კვალდაკვალ) სათანადო ყურადღება ექცეოდა ევროპელი მოაზროვნეების ნაშრომებს. 1762 ანტონ პირველმა თარგმნა ფ. ბაუმაისტერის (1709–85) „ლოგიკა“, რ-იც პირველი ნაწილია ამავე ავტორის ნაშრომისა „დასაბამი ფილოსოფიისა ახლისა“. 1806 იოანე ბატონიშვილმა თარგმნა ე. კონდილიაკის (1714–80) „ლოგიკა“; ფ. სნელეს (1761–1827) „ლოგიკა“ XIX ს. I ნახ-ში რუსული თარგმანიდან ქართულად გადმოიღო ი. მამაცაშვილმა. აღსანიშნავია, რომ „ლოგიკა“ წარმოადგენს მეორე ნაწილს სნელეს ნაშრომისა „დასაბამითისა გამოცდილებისა ფილოსოფიისა“.
XX ს. ქართულ ფილოსოფიაში ლოგიკური პრობლემებისა და მოძღვრებების შესწავლასა და ანალიზს დიდი ყურადღება ეთმობოდა. 1918 წ. დაარსებული თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტი აერთიანებდა ჰუმანიტარულ, მათემატიკურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს. ფილოს. დისციპლინების ინტენსიური შესწავლა ხდებოდა შ. ნუცუბიძის სემინარებზე, რ-თა ფარგლებში ლ-ს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. თავად შ. ნუცუბიძე ავტორია ლ-ის არაერთი სახელმძღვანელოსი (1919, 1920, 1923), რ-ებიც მოიცავდა ლოგიკის ელემენტარულ პრინციპებსა და მთავარ მოძღვრებებს და განკუთვნილი იყო საშ. და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. შ. ნუცუბიძე ფორმალურ ლ-ს ფილოსოფიურ პროპედევტიკად განიხილავდა, ხოლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა კანტის ტრანსცენდენტალურ ლ-სა და მოძღვრებას კატეგორიათა შესახებ. ამავე პერიოდში კ. კაპანელმაც შექმნა ლ-ის ელემენტარული კურსი (1925). თუმცა ისიც ცნობილია, რომ იგი ფორმალური ლ-ის მოწინააღმდეგე და ანტირაციონალისტური მიმართულების წარმომადგენელი იყო ქართულ ფილოსოფიაში.
შ. ნუცუბიძის ფილოს. სემინარებზე XX ს. არაერთი ქართველი მოაზროვნე განისწავლა. საქართველოში ლ-ის განვითარების ისტორიაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ცნობილ ფილოსოფოსსა და ლოგიკოსს კ. ბაქრაძეს. იგი, შ. ნუცუბიძის მსგავსად, ე. წ. ფილოსოფიური ლ-ის, იგივე დიალექტიკური ლ-ის დამცველი იყო, თუმცა XX ს. 40-იან წლებში მისი პოზიცია შეიცვალა და ფორმალური ლ-ის პრინციპების დამცველი გახდა. ამავე პერიოდში გამოაქვეყნა ლ-ის სახელმძღვანელო (1946, „ლოგიკა“), შემდეგ – სახელმძღვანელოები საშ. სკოლის მოსწავლეთათვის (1947–48; 1951–52) და მონოგრაფია უმაღლესი სასწავლებლებისთვის (1954). მას მიაჩნდა, რომ ფორმალურმა ლ-მ, რ-იც სიმბოლური, მათემატიკური ლ-ის სახით განვითარდა, არსებითად წინ წასწია არისტოტელეს ტრადიციული ლ.
XX ს. II ნახ-ის ქართ. ფილოსოფიაში ლოგიკური პრომლემების ფუნდამენტური შესწავლა და ანალიზი დაკავშირებულია ს. წერეთლის სახელთან. იგი დიალექტიკური ლ-ის ერთ-ერთი საყურადღებო კონცეფციის ფუძემდებელი და სისტემაში მომყვანი მოაზროვნეა. დიალექტიკური ლ-ის პრობლემების დაფუძნებასა და ანალიზს ეძღვნება 1948–65 წლებში მის მიერ შექმნილი არაერთი გამოკვლევა. მათგან აღსანიშნავია მისი ფუნდამენტური ნაშრომი „დიალექტიკური ლოგიკა“ (1965), რ-იც სისტემურად აჯამებს და ავითარებს მის კონცეფციას ფილოს., მაშასადამე, დიალექტიკური ლ-ის შესახებ. ამ მიმართულებას არაერთი სხვა საყურადღებო წარმომადგენელი ჰყავდა XX ს. ქართულ ფილოსოფიაში. მათგან გამორჩეულია ლ. გოკიელის ნაშრომები, რ-ებიც სიმრავლეთა თეორიასა და ლოგიკური ანტინომიების გადაჭრას ეძღვნება.
XX ს. შუა ხანებში საბჭოთა კავშირში წარიმართა დისკუსია ფორმალური და დიალექტიკური ლ-ის ურთიერთმიმართების შესახებ. 1950–51 ეს დისკუსია გაჩაღდა ცნობილ რუსულენოვან ჟურნალ «Вопросы философии»-ის ფურცლებზე და გაიხსნა კ. ბაქრაძის რუსულენოვანი სტატიით ლ-ისა და დიალექტიკის ურთიერთმიმართების შესახებ და მასში აქტიური მონაწილეობა მიიღეს სხვა ქართველმა ფილოსოფოსებმაც (ს. წერეთელი, ლ. გოკიელი, ს. დანელია და ა. შ.). კ. ბაქრაძე ფორმალური ლ-ის პრინციპებსა და მოძღვრებებს იცავდა, ხოლო ქართველ ფილოსოფოსთა მნიშვნელოვანი ნაწილი მის პოზიციას არ იზიარებდა. ამის კვალობაზე 1951 თსუ-ში გაიმართა დისკუსია ფორმალური და დიალექტიკური ლ-ის ურთიერთმიმართების შესახებ, რ-შიც მონაწილეობდნენ შ. ნუცუბიძე, ს. დანელია, კ. ბაქრაძე, ს. წერეთელი, ლ. გოკიელი და სხვ. ამ ტიპის მსჯელობები და დისკუსიები XX ს. 50-იანი წლების ბოლომდე მიმდინარეობდა, შემდეგ კი სულ უფრო იშვიათი გახდა.
XX ს. 60–70-იან წლებში ქართველმა ფილოსოფოსებმა და ლოგიკოსებმა დიალექტიკური ლოგიკის პრობლემები და პრინციპები ახლებურად განმარტეს პარაკონსისტენტური ლ-ის ფარგლებში, რ-იც, თავის მხრივ, წინააღმდეგობის შეუძლებლობის პრინციპის ახლებურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. პარაკონსისტენტური ლ-ის წინამორბედად ჰეგელიც შეიძლება მოვიაზროთ, თუმცა მისი განვითარებული ვერსიის პოვნა ს. წერეთლის ფილოსოფიურ ნაშრომებში შეგვიძლია. ამ საკითხების დამუშავებით ფორმალური ლ-ის პრობლემათა სპექტრი არსებითად გამდიდრდა, მნიშვნელოვანი გამოკვლევებით შეივსო და განვითარდა. ამ მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია ზ. მიქელაძის, ლ. მჭედლიშვილის და მ. ბეჟანიშვილის მიერ კლასიკური და არაკლასიკური ლ-ის სფეროში შექმნილი მნიშვნელოვანი კვლევები. ზ. მიქელაძემ სახელი გაითქვა არისტოტელეს ლ-ის ახლებური ინტერპრეტაციებით. ამ კუთხით განსაკუთრებით საყურადღებოა სტაგირელის „ტოპიკისა“ და „პერი ჰერმენეიას“ IX თავის განმარტებები, რაც მან თანამედროვე სიმბოლური (მათემატიკური) ლ-ის კონტექსტში განახორციელა. ლ. მჭედლიშვილმა მ. ბეჟანიშვილთან ერთად კლასიკური და არაკლასიკური ლ-ის სფეროში უმნიშვნელოვანესი გამოკვლევები ჩაატარა. მან 1992 გამოსცა სახელმძღვანელო „ლოგიკა“ (თანაავტორი – ნ. ივანიძე), რ-იც დღესაც აქტიურად გამოიყენება. ლ. მჭედლიშვილი საგანგებოდ იკვლევდა ფილოსოფიური და მათემატიკური ლ-ის საზღვრით საკითხებს, დიალექტიკური და პარაკონსისტენტური ლ-ის პრობლემებს, ასევე ლ-ის ისტორიის საკვანძო საკითხებს. მ. ბეჟანიშვილი იკვლევდა მოდალური ლ-ისა და პრედიკატთა ლ-ის აქტუალურ პრობლემებს.
ლიტ.: ბაქრაძე კ., ლოგიკა, თბ., 1954; ბეჟანიშვილი მ., მჭედლიშვილი ლ., ლოგიკა საქართველოში, თბ., 1995; ირემაძე თ., შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბ., 2019; მისივე, ახალი დროის ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბ., 2020; მისივე, იოანე პეტრიწის ფილოსოფია, თბ., 2021; მჭედლიშვილი ლ., დიალექტიკური ლოგიკის შეფასებისათვის. დიალექტიკური წინააღმდეგობების ანალიზი, კრ., ფილოსოფია, დიალექტიკა, ლოგიკა. სავლე წერეთლის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბ., 2008; მჭედლიშვილი ლ., ივანიძე ნ., ლოგიკა, თბ., 1994; ნუცუბიძე შ., ლოღიკა. პროპედევტიული კურსი, ტფ., 1923; წერეთელი ს., დიალექტიკური ლოგიკა, თბ., 1965.
თ. ირემაძე