ლოგუნოვი ანატოლი ალექსის ძე (30.XII.1926, სოფ. ობშაროვკა, სამარის ოლქი, რუსეთი, – 1. III. 2015, მოსკოვი), ფიზიკოსი-თეორეტიკოსი. სსრკ და რუსეთის მეცნ. აკადემიების აკადემიკოსი (1972; წ-კორ. 1968), სსრკ მეცნ. აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1974–91), მეცნიერების ორგანიზატორი, საქართვ. მეცნ. ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი (1996). ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1959), პროფესორი (1961), 1951 დაამთავრა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტის ფიზ. ფაკ-ტი, სადაც გააგრძელა მუშაობა (1956-მდე). ეწეოდა აქტიურ სამეცნიერო-ორგანიზატორულ საქმიანობას. იყო მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტის (IHEP, პროტვინო) დირექტორი და სამეცნ. ხელმძღვანელი (1974–2015), მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტის რექტორი (1977–92).
ლ-ის სამეცნ. ინტერესების სფეროა ველების კვანტური (მ. შ. აქსიომატური) თეორია, მაღალი ენერგიების ფიზიკა, გრავიტაციის თეორია. ა. თავხელიძესთან, ლ. სოლოვიოვთან, ნ.ჩერნიკოვთან და სხვებთან ერთად შეიმუშავა ახ. მიდგომა და გამოიყვანა დისპერსიული თანაფარდობები ელემენტარული ნაწილაკების მონაწილეობით მიმდინარე პროცესებისთვის. ა. თავხელიძესთან და ლ. სოლოვიოვთან ერთად, გამოიყვანა სასრული ენერგიებისთვის ჯამთა შესაბამისი წესები, რაც შემდგომში გახდა დუალურობის კონცეფციისა და სიმთა თეორიის საფუძველი; მ. მესტვირიშვილთან და სხვებთან ერთად წამოაყენა პრინციპულად ახ. მიდგომა მაღალენერგეტიკული არადრეკადი პროცესების კვლევებში – ინკლუზიური გაზომვის, ანუ ინკლუზიური რეაქციის კონცეფცია (იხ. სტ. ინკლუზიური პროცესი). ა. თავხელიძესთან ერთად შეიმუშავა ახ. მეთოდი ორი რელატივისტური ნაწილაკის ამოცანის შესასწავლად (იხ. სტ. კვაზიპოტენციალური განტოლება ლოგუნოვ–თავხელიძისა).
ლ. არის სამეცნ. ნაშრომების, მონოგრაფიებისა და რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი; არის სახელმწ. (1973; ა. თავხელიძესთან და სხვებთან ერთად), ასევე მრავალი საერთაშ. სამეცნ. პრემიის ლაურეატი. მჭიდრო სამეცნ. ურთიერთობა ჰქონდა მრავალ ქართველ ფიზიკოსთან.
მიღებული აქვს სსრკ და სხვა ქვეყნების სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: Релятивистская теория гравитации, М., 1989 (თანაავტ. М.А.Мествиришвили); Общие принципы квантовой теории поля, М., 2006 (თანაავტ.); Релятивистская теория гравитации, М., 2012.
ლიტ.: Анатолий Алексеевич Логунов. К 70-летию со дня рождения. Протвино,1996; Герштейн С. С., Академик А. А. Логунов. Траектория жизни, Наукоград, 2015.
ი. ლომიძე