ლოლაშვილი ჟანრი გიორგის ძე

ჟ. ლოლაშვილი

ლოლაშვილი ჟანრი გიორგის ძე (დ. 22. IV. 1942, თბილისი), თეატრისა და კინოს მსახიობი, მხატვარი. საქართვ. სახ. არტისტი (1981). 1963 დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფისტთა ინ-ტის უმაღლესი კურსები, 1965 – შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი. 1958–61 იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მხატვარ-მულტიპლიკატორი; 1963–64 – ზუგდიდის სახელმწ. თეატრის მსახიობი. 1966-იდან მოღვაწეობს რუსთაველის თეატრში, სადაც შეასრულა შემდეგი როლები: ტიმოთე (ა. ცაგარლის ,,ხანუმა“), გრენგოლმი (შ. დადიანის „გუშინდელი“), მწერალი (პ. კაკაბაძის ,,ყვარყვარე“), მერკუციო, მასხარა (უ. შექსპირის ,,რომეო და ჯულიეტა“, ,,მეფე ლირი“), მთხრობელი (ბ. ბრეხტის ,,კავკასიური ცარცის წრე“; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1979), ვარსქენი (,,შუშანიკის მარტვილობა“, იაკობ ცურტაველის მიხედვით), გოგი, ბანდიტი, დავითი (რ. სტურუას, ა. ვარსიმაშვილის, ლ. ფოფხაძის ,,ვარიაციები თანამედროვე თემაზე“), იონა (ლ. თაბუკაშვილის ,,ათვინიერებენ მიმინოს“), ლუარსაბი (,,კაცია-ადამიანი?!“, ი. ჭავჭავაძის მიხედვით, დაჯილდოვდა მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის რუსთავის საერთაშ. თეატრ. ფესტივალზე ,,ოქროს ნიღაბი“, 2000) და სხვ. ლ-ს შექმნილი აქვს მრავალი დასამახსოვრებელი ეკრანული სახე. მისი კინოდებიუტი შედგა ა. რეხვიაშვილის ფილმში „ნუცა“ (თავადი, 1971); „მწვანე მდელო“ (მხატვარი; 1973), „საფეხური“ (1986), „მიახლოება“ (მამა; 1989); სამივეს რეჟ. ა. რეხვიაშვილი), „ერთი ნახვით შეყვარება“ (რეჟ. რ. ესაძე, 1975), „ამხანაგ სტალინის მოგზაურობა აფრიკაში“ (ილია ილიჩი; 1990, ორივეს რეჟ. ი. კვირიკაძე), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (ირაკლი; რეჟ. ლ. ღოღობერიძე, 1978), „მომეხმარეთ იალბუზზე ასვლაში“ (რეჟ. ნ. ჯორჯაძე, 1981), „ჭა“ (ხრინგაძე; რეჟ. პ. ჩარკვიანი,1988), „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (გარსია პედრო, სულით ავადმყოფი; რეჟ. რ. ჩხეიძე, 1989), „ნათლისღება“ (რეჟ. ნ. მანაგაძე, 1994), „ერთაწმინდა“ (რეჟ. ზ. თუთბერიძე, 1994), „სამი სახლი“ (ფსიქიატრი, ჯემალი, 2008), „დარჩი ჩემთან“ (2011), ტელესერიალში „ცხელი ძაღლი“ (ბიძინა თაბაგარი; 2003–09; სამივეს რეჟ. ზ. ურუშაძე).

ლ-მა შექმნა ტელეგრაფისტ ქრისტოფერ ჰიუზის შთამბეჭდავი სახე ნ. ჯორჯაძის  ფილმში „რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა“ (1986). მონაწილეობდა სატელევიზიო სპექტაკლებში: „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ და სხვ. ლ-ის მიერ შესრულებული როლები გამოირჩევა ხასიათის მრავალფეროვნებითა და დამაჯერებლობით. მნიშვნელოვანია მისი ფერწერული ნამუშევრებიც. 2020 თბილისში მოეწყო ლ-ის გამოფენა „გალერეა არტში“, საქართვ. ეროვნ. მუზეუმისა დ. შევარდნაძის სახ. ეროვნ. გალერეაში.