ლოლაძე ბერთაუკა, ოქრომჭედელი, სარქარი (უფროსი ზედამხედველი). მოღვაწეობდა XVII ს. II ნახ-ში. მისი ხელმძღვანელობით მოიჭედა ანჩისხატის კარედის გარე პირი. გრძელ წარწერაში აღნიშნულია ქორონიკონი, რ-იც 1686 წელს უდრის. ბერთაუკას მიერ შესრულებულია სახარების სცენები: ლაზარეს აღდგინება, იერუსალიმში შესვლა, ღვთისმშობლის მიძინება, თომას ურწმუნოება – „გვერდის განხილვა“, საიდუმლო სერობა, სულიწმინდის მოფენა. ყოველი გამოსახულება და მთლიანად კარედი ფართო ორნამენტულ არშიებშია ჩასმული. თვით სცენები მრავალფიგურიანია, მეტისმეტად დატვირთული ერთიანად ამოჭედილი ფიგურებითა და ფონის გამოსახულებით, რაც მოწმობს იმ პერიოდის ჩვეულ ინტერესს თხრობისა და საღვთისმეტყველო საკითხებისადმი. მხატვრული და ტექნ. შესრულებით, რა თქმა უნდა, დიდად ჩამოუვარდება X–XII სს-ების დონეს და დაქვეითების ხანის ტიპურ ნაწარმოებად მიიჩნევა.
ლიტ.: ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967.