ლოლაძე თეიმურაზ ნიკოლოზის ძე

თ. ლოლაძე

ლოლაძე თეიმურაზ ნიკოლოზის ძე (24. V. 1920, ქუთაისი, – 13. VI. 2000, თბილისი), ინჟინერი (მანქანათმშენებელი). საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1979, წ.-კორ. – 1974), ტექ. მეცნ. დოქტორი (1959), პროფესორი (1960), საქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1966). დაამთავრა საქართვ. ინდუსტრიული ინ-ტი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით (1942). მუშაობდა დიმიტროვის სახ. საავიაციო ქ-ნაში ტექნოლოგად (1942–46), სპი-ის (ახლანდ. სტუ) მანქანათმშენებლობის კათედრაზე (1946-იდან), 1958-იდან გარდაცვალებამდე იყო ამ კათედრის გამგე.

ლ. გაეროს ხაზით მივლინებული იყო ინდოეთსა (1961–63) და ეგვიპტეში (1967–69), სადაც ბომბეის (ახლანდ. მუმბაი) და მანსურიის ტექნოლ. ინ-ტებში ხელმძღვანელობდა იუნესკოს პროექტებს (მთ. ტექ. მრჩეველი); იყო სპი-ის პრორექტორი (1971–80) და რექტორი (1981–88).

ლ-ის სამეცნ. ნაშრომები მოიცავს ლითონთა ჭრის პროცესის თანმხლები ფიზ. მოვლენების შესწავლას. მის მიერ დამუშავებულმა კვლევის ორიგინალურმა მეთოდმა ფართო გამოყენება პოვა მსოფლიოს მრავალ სამეცნ. ცენტრში. ლ-ის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევების შედეგად განვითარდა ლითონების ჭრის პროცესების მექანიკის, ჭრის დროს კონტაქტური მოვლენების, საიარაღო მასალების შექმნის, გახურებული ლითონების ჭრის და მასალათა აბრაზიული დამუშავების ახალი მეთოდები; შეიქმნა სხვადასხვა დანიშნულების მრავალმწარმოებლური ჩარხები და მანქანები, ახ. შენადნობები მჭრელი იარაღისათვის; დედამიწისა და კოსმოსური ბაზირების დიდგაბარიტიანი ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების უნიკალური გამოსაცდელი კომპლექსი და ჩამოყალიბდა საქართვ. კოსმოსურ ნაგებობათა ინ-ტი; ამავე პერიოდში ლ-ის ხელმძღვანელობით ინტენსიურად ვითარდებოდა კოსმოსური კრიოგენული მანქანათმშენებლობა, რის შედეგადაც შეიქმნა უნიკალური დგუშიანი მიკრომანქანები, მ. შ. კოსმოსურ ხომალდ ,,ბურანზე“ დადგმული თხევადი ჟანგბადის მოწყობილობა.

ლ-ის ინიციატივით და აქტიური ხელშეწყობით ჩამოყალიბდა რამდენიმე სამეცნ.-კვლ. ლაბორატორია და ცენტრი. არჩეული იყო უცხოეთის მრავალი უმაღლესი ტექ. სასწავლებლის საპატიო დოქტორად. წლების განმავლობაში მოღვაწეობდა ქართ. ენციკლოპედიის მთ. სარედაქციო კოლეგიაში, ეწეოდა ნაყოფიერ პედ. საქმიანობას.

ლ. არის სამეცნ. ნაშრომების, მონოგრაფიის ავტორი, საავტორო მოწმობისა და პატენტების მფლობელი. მიღებული აქვს საქართვ. სახელმწ. პრემია (1997), ღირსების ორდენი (1998) და სხვა  სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: მასალების ჭრით დამუშავება, თბ., 1990; Прочность и износостойкость режущего инструмента, М., 1982; Основные вопросы оптимизации технологии машиностроительного производства, Тб., 1987.