ლოლაძე თინათინ ალექსანდრეს ასული

ლოლაძე თინათინ ალექსანდრეს ასული (1. IV. 1908, სოფ. ხრეითი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი, – 28. III. 1981, თბილისი), მსახიობი და რეჟისორი. საქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1961). 1922–27 მუშაობდა ჭიათურის მუშათა კლუბთან არსებულ დრამ. წრეში მოკარნახედ, მღეროდა ამავე კლუბთან არსებულ მომღერალთა გუნდში (ხელმძღვ. ს. კავსაძე). ლ. სცენაზე პირველად გამოვიდა ჭიათურის თეატრში, სადაც შეასრულა გოგიას როლი პ. ირეთელის „ქრისტინეში“ (1923). 1928-იდან ამავე თეატრის მსახიობია. მუშაობდა ქუთაისის (1929–34), ჭიათურის (1934–35, 1938–41, 1945–48), სოხუმის (1936–37), ბორჯომის (1937–38), გორის (1945–48), ზუგდიდის (1948–49), ცხინვალის (1949–57) თეატრებში. 1961–62 იყო ჭიათურის მაღაროელთა კლუბის დირექტორი.

ლ-ს სხვადასხვა თეატრში დადგმული აქვს მ. კიკვაძის „დიმიტრი თავდადებული“, მ. ჯაფარიძის „ჩვენებურები“ და „ჟამთაბერის ასული“, ს. შანშიაშვილის „ხევისბერი გოჩა“ (ა. ყაზბეგის ნაწარმოების მიხედვით), ლ. მილორავას „კერპ-ჯიუტა“, ვ. სობკოს „ასი მილიონი“ და სხვ. აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული როლები: ნელი, იამზე (გ. ქელბაქიანის „დაგვიანებული სინანული“),  მარო (ს. მთვარაძის „სურამის ციხე“), გულთამზე (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“), ელენე (ა. წერეთლის „პატარა კახი“), დეზდემონა, ჯულიეტა (უ. შექსპირის „ოტელო“, „რომეო და ჯულიეტა“). „ოტელოში“ ლ-ს პარტნიორობას უწევდა ა. იმედაშვილი.

ლ. წერდა რეცენზიებს, ლექსებს, სტატიებს, კითხულობდა ლექციებს ლიტ-რისა და თეატრის შესახებ.