ლოლუა გიორგი ალექსანდრეს ძე

გ. ლოლუა

ლოლუა გიორგი ალექსანდრეს ძე (9. VI. 1919, სოფ. ზემო ქვალონი, ახლანდ. ხობის მუნიციპალიტეტი, – 21. XII. 1990, ქ. ჰამილტონი, კანადა), ინჟინერ-მეტალურგი, პოეტი, ქართ. პოლიტ. ემიგრაციის თვალსაჩინო მოღვაწე. დაამთავრა სპი-ის (ამჟამად სტუ) ენერგეტ. ფაკ-ტი (1941). II მსოფლიო ომის (1939–45) მონაწილე. 1942 ტყვედ ჩავარდა. ბერლინის „ქართული სამოკავშირეო შტაბის“ ძალისხმევით დაიხსნეს ტყვეთა ბანაკიდან. აქტიურად მონაწილეობდა აღნიშნული შტაბის საქმიანობაში. II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ცხოვრობდა საფრანგეთში, არგენტინასა და კანადაში. 1955-იდან მუშაობდა ქ. ჰამილტონის მეტალ. ქ-ნის მთ. ინჟინრად. აქტ. ურთიერთობა ჰქონდა ქართ. ემიგრანტულ წრეებთან.

ლ. წერდა ლექსებს, რ-ებიც ქვეყნდებოდა ქართ. ემიგრ. პერიოდულ გამოცემებში. ჟურნ. „მამულში“ (1952, №5, ბუენოს-აირესი) გამოქვეყნდა 2 ლექსი – „ქართველი ჯარისკაცის სიმღერა“ და „თბილისური ნატურმორტები“; ჟურნ. „ქართველ ერში“ (1944, №10/11) – „ცხრა ძმა ხერხეულიძე“; გაზ. „საქართველოში“ (1944, 18. XII. ბერლინი) – „მე რას ვუმღერ?“; ჟურნ. „ბედი ქართლისაში“ (1950, №7, პარიზი) – „ავტოპორტრეტი“. აღსანიშნავია მისი ლექსების ხელნაწერი კრებული, რ-შიც შესულია 1939–90 თბილისში, ევროპასა თუ ამერიკაში დაწერილი ლექსები.

ლიტ.: შარაძე გ., ამერიკელი ქართველები, თბ., 1992.

ლ. ურუშაძე