ლოლუა ნოტიო (ნატო) ბახვას ასული

ლოლუა ნოტიო (ნატო) ბახვას ასული (1875, სოფ. ქვალონი, ახლანდ. ხობის მუნიციპალიტეტი, – 13. X. 1958, ფოთი), სახალხო მასწავლებელი და საზოგადო მოღვაწე. 1889 დაასრულა ბათუმის კერძო სასწავლებელი. ლ-მ ფოთში გახსნა სახელოსნო, რ-იც ნ. ნიკოლაძისა და ი. მეუნარგიას რჩევით 1897 კერძო პროფ. ექვსთვიან კურსებად გარდაქმნა. მას „ნოტიო ლოლუას პროფესიული კერძო სასწავლებელი“ ეწოდა. სასწავლებელი განსაკუთრებით 1905–06 წწ-ში გაფართოვდა. აქ გოგონებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებთან ერთად, ქართულ ენასა და ლიტერატურასაც ასწავლიდნენ. მალე სკოლა სამწლიანი გახდა. სასწავლებლის ავტორიტეტი თანდათან იზრდებოდა. 1921-იდან „ნოტიოს სკოლას“ ახალი შენობა შეურჩიეს და საქალაქო-საფაბრიკო სკოლად გადააკეთეს. 1922 ფოთის საზ-ბამ და მთავრობამ ლ-ს მოღვაწეობის 25 წლის იუბილე გადაუხადა და დიდი დამსახურებისათვის პერსონალური პენსია დაუნიშნა. ლ-მ თავისივე შექმნილი მრავალი ძვირფასი და უნიკალური ექსპონატი 1936 ზუგდიდის სახელმწ. ისტ.-ეთნოგრ. მუზეუმს უსასყიდლოდ შესწირა.

ლიტ.: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, თბ., 1968.

ე. ლოლუა