ლოლუა ჯემალ (მამია) გიორგის ძე

ჯ. ლოლუა

ლოლუა ჯემალ (მამია) გიორგის ძე (27. I. 1932, თბილისი, – 22. IX. 2001, იქვე), მხატვარ-გრაფიკოსი. საქართვ. სახ. მხატვარი (1988), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1998).

დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიის გრაფიკის განყ-ბა (1958). იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას გრაფიკის კათედრაზე. 1989-იდან იყო ჟურნ. „ნიანგის“ მთ. მხატვარი, 1973–74 – საქართვ. მხატვართა კავშირის მდივანი, 1974–76 – ქუთაისის სახვ. ხელოვნ. გალერეის დამაარსებელი კომიტეტის თავ-რე. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1957-იდან. წიგნის გრაფიკასა და ილუსტრაციაში მისი ძირითადი ნამუშევრებია ი. გრიშაშვილის „ბაბაჯანას ქოშები“ (1967), მ. ტვენის „ტომ სოიერის თავგადასავალი“ (1970), ჯ. სტეინბეკის „ზამთარი ჩვენი მღელვარებისა“ (1986), ჭ. ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“ (1984), ფ. ზალტენის „ბემბი“ (1986), ი. კრილოვის „იგავ-არაკები“ (1987), ძმები გრიმების „ზღაპრები“ (ტ. I–III, 1992), „ფრანგული ზღაპრები“ (1995); მასვე ეკუთვნის დაზგური გრაფიკის სერია „დროშები ჩქარა“ (1977); მისი პერსონალური გამოფენა მოეწყო 1970, თბილისში (საგამოფენო დარბაზი „მერანი“); აგრეთვე მონაწილეობდა გამოფენებში: საბავშვო წიგნის მხატვართა საერთაშ. (1972, მოსკოვი), საბავშვო წიგნის მხატვრები (1973, ბრნო), საბჭოთა ილუსტრაცია (1976, გფრ, ნიდერლანდები), ქართველ მხატვართა პლაკატები (1984, ვილნიუსი), საბავშვო წიგნის საერთაშ. ბიენალე (1987, ბოლონია) და სხვ. დაჯილდოებულია სსრკ სამხატვრო აკადემიის დიპლომით ძმები გრიმებისა და ქართული ხალხური ზღაპრების დასურათებისათვის (1986). მისი ნამუშევრები დაცულია შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. მუზეუმში, დ. შევარდნაძის სახ. ეროვნ. გალერეაში, ქუთაისის დ. კაკაბაძის სახ. გალერეაში, საქართვ. გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტ. სახელმწ. მუზეუმში.

დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.