ლომბარდი

ლომბარდი (იტალ. Lombardia – მხარე იტალიის ჩრდილოეთში), სპეციალური საკრედიტო დაწესებულება, რომელიც გასცემს სარგებლიან ფულად სესხს. მოძრავი ნივთებით, ძირითადად ძვირფასეულობით უზრუნველყოფის შემთხვევაში.

საქართველოში ლ-ის საქმიანობისთვის ლიცენზია ან ნებართვა არ მოითხოვება. სალომბარდე სესხების გაცემას ასევე ახორციელებენ ბანკები და სხვა რეგისტრირებული არასაბანკო დაწესებულებები. მის მისაღებად არ არის საჭირო შემოსავლის დადასტურება. სესხი უზრუნველყოფილია ლ-ში წარდგენილი ნივთებით. თანხის და სარგებლის ოდენობა, აგრეთვე სესხის ვადა დამოკიდებულია ნივთების ღირებულებაზე. ძვირფასეულობას აფასებს სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირი.

ლ. ვალდებულია დაცულ სათავსში, განცალკევებულად შეინახოს ცალკეული სესხის უზრუნველსაყოფად ჩაბარებული ნივთები. სესხის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში სალომბარდე სესხის გამცემი დაწესებულება უფლებამოსილია, გაყიდოს უზრუნველყოფის სახით გამოყენებული ნივთები და ამონაგებით დაიკმაყოფილოს მოთხოვნა.

ი. უჯმაჯურიძე