ლომთათიძე გიორგი ალექსანდრეს ძე

ლომთათიძე გიორგი ალექსანდრეს ძე (26. XI. 1914, ცხინვალი, – 23. X. 1971, თბილისი), არქეოლოგი. დაამთავრა თსუ-ის არქეოლოგიის ფაკ-ტი (1936). საქართვ. ბრინჯაოს, ანტ. და ფეოდ. ხანის კულტ. და არქეოლ. მკვლევარი. აკად. ი. ჯავახიშვილის სახ. ისტ., არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტის სწავლული მდივანი (1943–47), შუა საუკუნეების არქეოლ. განყ-ბის გამგე (1965–71). მუშაობდა თბილ. სახელმწ. მუზეუმის არქეოლ. განყ-ბის უფროს მეცნიერ თანამშრომლად (1945–47), თსუ-ის საქართვ. ისტორიის კათედრაზე (1946–52) კითხულობდა ლექციებს. ლ-ის ხელმძღვანელობით ჩატარებული არქეოლ. გათხრების შედეგად შესწავლილ იქნა კლდეეთი (1942), არმაზისხევი (1943–46, 1963–64), თბილისი და თეთრი წყარო (1948–54), რუსთავი (1949–51, 1959–62, 1965), ივრის მიდამოები და უჯარმა (1950–52), მცხეთის აკლდამა (1951–52), ურბნისი (1953–56), ახალქალაქი (1960, 1968), თელავი და ალვანი (1962), კვეტერა და ვარციხე (1968).

ლ. ეხმარებოდა ე. თაყაიშვილს პირადი არქივის მოწესრიგებასა და ნაშრომების რედაქტირებაში. მისი ინიციატივით დაარსდა რუსთავის მუზეუმი (1950), დიდი შრომა გასწია არქეოლ. ტერმინოლოგიის შესაქმნელად.

თხზ.: არქეოლოგიური გათხრები საქართველოს ძველ დედაქალაქში, თბ., 1945 (რუს ენაზე – 1955); წინაპართა ნაკვალევი, თბ., 1952; მცხეთა. არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგები, [ტ.] 1, თბ., 1955 (თანაავტ.); კლდეეთის სამაროვანი ახ. წ. II საუკუნისა, თბ., 1957; საქართველოს არქეოლოგია, თბ., 1959 (თანაავტ.); ბრინჯაოს სატევრები და მახვილები სამთავროს უძველეს სამარხებში, თბ., 1974; საქართველოს მოსახლეობის კულტურა და ყოფა I–XIII სს., თბ., 1977; ქართული კულტურის მატიანე ექვთიმე თაყაიშვილი, თბ., 1990.

ლიტ.: ფეოდალური საქართველოს არქეოლოგიური ძეგლები, [ტ.] 2, თბ., 1974 (ახლავს ლ-ის თხზ. სრული სია).

ნ. ვაჩეიშვილი