ლომთათიძე მურმან ალექსანდრეს ძე (2. XII. 1929, ქუთაისი, – 27. IX. 2006, თბილისი), მოცეკვავე და ქორეოგრაფი, საქართვ. სახ. არტისტი (1980). 1945–49 გამოდიოდა ქუთაისის ხალხური ცეკვის სახელმწ. აკად., 1949–55 კი – საქართვ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. ანსამბლში როგორც სოლისტი-მოცეკვავე. 1955–62 ხელმძღვანელობდა ქუთაისის ახალგაზრდობის ხალხური ცეკვის ანსამბლს, 1962-იდან – თბილ. მაუდ-კამვოლის კომბინატის „საბჭოთა საქართველოს“ ცეკვის ანსამბლს. 1968–74 ლ. იყო სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. ანსამბლ „სინათლის“ მთ. ქორეოგრაფი, ანსამბლ „თბილისის“ სამხატვრო ხელმძღვანელი.
ლ-ის მიერ დადგმული ცეკვებიდან გამოირჩევა „საგალობელი თბილისს“, „ფარიკაობა“, „მთიელ ქალ-ვაჟთა ცეკვა“ და სხვ. ლ-მ ქუთაისის ოპერის თეატრში დადგა ცეკვები ოპერისთვის „დაისი“ და „ქეთო და კოტე“, აგრეთვე მინსკის ოპერისა და ბალეტის და ტარტუს ვანემუინეს აკად. თეატრებში („მინდია“), ერთმოქმედებიანი სპექტაკლ-კონცერტი „საგალობელი თბილისს“ (1970); ცეკვები კინოფილმებისათვის „ქალაქი ადრე იღვიძებს“, „მხიარული რომანი“, „ჩარირამა“; სატელევიზიო ფილმისათვის „ძველი თბილისის სურათები“. სტუდენტი ახალგაზრდობის მსოფლიოს V საერთაშ. ფესტივალის ლაურეატი (1959, პოლონეთი), ჩეხოსლოვაკიის საერთაშ. ფესტივალის ლაურეატი (1968).
დაჯილდოებულია მონღოლეთის სახ. რესპუბლიკისა (1971) და საქ. ღირსების (1997) ორდენებით.