ლომთათიძე ქეთევან ბესარიონის ასული (11. II. 1911, სოფ. ხიდისთავი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 22. XI. 2007, თბილისი), ენათმეცნიერი, ქართველურ, აფხაზურ-ადიღურ ენათა და ზოგადი ენათმეცნიერების სპეციალისტი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1979); ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1945), პროფესორი (1950); საქართვ. (1962) და აფხ. (1961) მეცნ. დამს. მოღვაწე. 1931 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის საენათმეცნიერო განყ-ბა. სამეცნ. მუშაობას ეწეოდა საქართვ. სახელმწ. მუზეუმში, ენის, ლიტ-რისა და ხელოვნების (ელხი), ენის, მატერ. კულტურისა და ისტ. (ენიმკი), ენათმეცნ. ინ-ტებში. 1953–63 და 1975–87 იყო ენათმეცნ. ინ-ტის დირექტორი, 1987-იდან – ამავე ინ-ტის საპატიო დირექტორი. სოხუმის პედ. ინ-ტში კითხულობდა აფხ. და აბაზური ენების კურსს.
ლ. იკვლევდა აფხ.-ადიღური, და ქართველური ენების გრამატ. სტრუქტურისა და ისტ. საკითხებს. საფუძველი ჩაუყარა აფხ. ენისა და მისი დიალექტების ისტ.-შედარებითი მეთოდით შესწავლას. მისი ნაშრომებიდან აღსანიშნავია მონოგრაფიები: „აფხაზური ენის ტაპანთური დიალექტი“ (1944), „აშხარული დიალექტი და მისი ადგილი სხვა აფხაზურ-აბაზურ დიალექტებს შორის“ (1954), „აფხაზური და აბაზური ენების ისტორიულ-შედარებითი ანალიზი. I. ფონოლოგიური სისტემა და ფონეტიკური პროცესები“ (1976), „ლოკალურ პრევერბთა ძირითადი სახეობანი აფხაზურსა და აბაზურში“ (1982), „აბაზური ენა“ (2006).
ქართველურ ენათა სტრუქტურისა და ისტ. საკითხებს ეძღვნება წერილები: „თბება ტიპის ზმნების ისტორიისათვის ქართულში“ (1952), „ზმნის ინფინიტური წარმოების კვალი ძველ ქართულში“ (1953) და სხვ.; მონოგრაფია „კომპლექსთაგან მომდინარე ბილაბიალური ხშულები ქართველურ ენებში“ (1984).
ლ-ის ხელმძღვანელობით მომზადდა და გამოქვეყნდა აკადემიური რუსულ-ქართული ლექსიკონების სამტომეული (1956–59) და ერთტომეული (1983), ასევე სხვადასხვა დარგის ტერმინოლოგიური ლექსიკონები. მონაწილეობდა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ რვატომეულის მომზადებაში, იყო ამ ლექსიკონის VII ტომის ერთ-ერთი რედაქტორი, რისთვისაც, კოლეგებთან ერთად მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (1971). მისი რედაქტორობით დაიბეჭდა „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეულისა“ და „ეტიმოლოგიური ძიებანის“ რამდენიმე ტომი.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ლიტ.: ქეთევან ლომთათიძე, ბიობიბლიოგრაფია, თბ., 2018.
თ. გვანცელაძე