ლომთათიძე ჭოლა ბიბონის ძე

ჭ. ლომთათიძე

ლომთათიძე ჭოლა (ბიკენტი) ბიბონის ძე [24.VI (6. VII). 1879, სოფ. ჭაჭიეთი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 11(24). XI. 1915, სარატოვი, რუსეთი], მწერალი. 1888-იდან სწავლობდა ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებელში. უსახსრობის გამო სწავლას თავი დაანება და თვითგანათლებას მიჰყო ხელი. 1896 ქუთ. სამეურნეო სკოლაში შევიდა, მაგრამ მოსწავლეთა მარქსისტულ წრეში ჩაბმის გამო 1897 დაითხოვეს. 1898-იდან ლ. ხარკოვის სამეურნეო სკოლის მსმენელი გახდა, მაგრამ რევ. საქმიანობისთვის იქიდანაც გარიცხეს. 1907–14 ციხეში გაატარა. ციხიდან გამოსულს სამშობლოში დაბრუნების ნება არ მისცეს. გარდაიცვალა სარატოვის თავშესაფარში.

ლ-ის პირველი მოთხრობები „დავითი“ და „ცხოვრების გულიდან“ 1901 გამოქვეყნდა. 1901–03 თავის შემოქმედებაში იგი ძირითადად კრიტ. რეალიზმს მისდევდა, თუმცა მისთვის არც ე.წ. რევ. რომანტიზმი იყო უცხო. ამ პერიოდის ლექსებში, მინიატიურებში ლ. თვალსაჩინოდ ასახავს სოც.-პოლიტ. უკუღმართობას, ეროვნ. პრობლემატიკას; მისი ნაწარმოებები ეძღვნება ასევე სიყვარულს და სხვ. („მატლი“, „დასაფლავება“, „ზღვა“, 1902; „სიცრუე“, 1903 და სხვ.).

რევოლუციონერის ხიფათიანმა ცხოვრებამ მწერალი ჩამოაშორა ლიტ. სარბიელს. 1907-იდან მძიმე სენით დაავადებული ლ. საპყრობილეში მიუბრუნდა სამწერლო მოღვაწეობას. იგი ქართ. რევ.-დემოკრ. მწერლობის ერთ-ერთი მესვეური გახდა. ამ პერიოდის თხზულებებია „სახრჩობელას წინაშე“, (1907); „საპყრობილეში“ (1909), „პირველი მაისი“ (1911) და სხვ. მის შემოქმედებაში გამძაფრდა ეროვნ. მოტივი, პროტესტი ეროვნ. ჩაგვრის წინააღმდეგ; დაინტერესდა ყოფითი პრობლემებითაც: სიყვარული, ოჯახი, ქალთა ემანსიპაციის საკითხები („დუმილი“, „მოღალატე“, 1910; „უბედური“, 1912 და სხვ.).        

ლ. დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

თხზ.: თხზულებათა სრ. კრ., თბ., 1956; რჩ. თხზულებანი ორ ტომად, თბ., 1971–72; მოთხრობები, თბ., 2008; საპყრობილეში, თბ., 2011.

ლიტ.: მეგრელიძე ი., ჭოლა ლომთათიძე, ბათ., 1979; რამიშვილი დ., ჭოლა ლომთათიძე, თბ., 1960; საითიძე გ., ჭოლა ლომთათიძის მსოფლმხედველობის გაგებისათვის „ლიტერატურული ძიებანი“, 1999, [ტ.] 20; სიგუა ს., პოეტი-ტუსაღი, წგ.: ქართული მოდერნიზმი, თბ., 2002; ციციშვილი გ., ჭოლა ლომთათიძე, თბ., 1966.

გ. ციციშვილი