ლომთაძე ელიზბარ ანდრიას ძე (14. IX. 1913, სოფ. ძველი სენაკი, ახლანდ. სენაკის მუნიციპალიტეტი, – 23. IV. 2005, თბილისი), ენათმეცნიერი. დოქტორი (1992). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის კავკ. და აღმოსავლური ენების განყ-ბა (1939). 1933–35 ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას აბაშის რ-ნში. 1947–72 მუშაობდა ენათმეცნიერების ინ-ტის მთის იბერიულ-კავკ. ენათა განყ-ბაში, 1972-იდან – ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორიაში უფრ. მეცნიერ თანამშრომლად, ხოლო 1992-იდან – წამყვან მეცნიერ თანამშრომლად. მისი კვლევის სფერო იყო იბერიულ-კავკ. ენები, კერძოდ: დიდოური, ბეჟიტური, ხვარშიული და სხვ. ავტორია სამეცნ. ნაშრომებისა, მ. შ. მონოგრაფიების: „დიდოური ენის ჰინუხური დიალექტი“ (1963), „სიტყვათმახვილი დიდოურ ენებში“ (1984), „ხვარშიული ენა“ (1998), „ზმნა და ნაზმანარი სახელები ბეჟიტურ (ბეჟიტურ-ჰუნზიბურ) ენაში“ (2000), „ბეჟიტური (ბეჟიტურ-ჰუნზიბური) ენის სინტაქსი და ტექსტები“ (2003) და სხვ. მასვე ეკუთვნის საინტერესო გამოკვლევა ზანური ენის მეგრული დიალექტის შესახებ.