ლომთაძე ვალერი დავითის ძე (3. IX. 1912, ირკუტსკი, რუსეთის იმპერია, – 9. VI. 1993, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი), გეოლოგი. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნ. დოქტორი (1959), ლენინგრადის სამთო ინ-ტის პროფესორი (1961), რსფსრ მეცნ. დამს. მოღვაწე (1973).
1936 დაამთავრა ირკუტსკის სახელმწ. უნ-ტის გეოლოგიის ფაკ-ტი, ატარებდა საინჟ.-გეოლ. მოკვლევებს სამრეწვ. და სამოქალაქო მშენებლობისათვის. 1939–44 ხელმძღვანელობდა საინჟ.-გეოლ. სამუშაოებს ბაიკალის ტბის სარკინიგზო ხაზის რეკონსტრუქციის პროექტისათვის. განსაკუთრებით საინტერესო იყო მისი ნამუშევრები გვირაბებისა და სხვა ნაგებობების რთულ გეოლოგიურ პირობებში მშენებლობის თაობაზე. 1944 მუშაობა დაიწყო ლენინგრადის სამთო ინ-ტში. ნაშრომისათვის „თიხის ქანების ფიზიკურ-მექანიკური თვისებები ლიტიფიკაციის პერიოდში“, მიენიჭა გეოლ.-მინერალოგიის მეცნ. დოქტორის წოდება. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულია მნიშვნელოვანი კვლევები ყოფ. საბჭოთა კავშირის ევროპულ ნაწილში თიხის საბადოებზე.