ლომინაძე ბაბილინა რაფიელის ასული

ლომინაძე ბაბილინა რაფიელის ასული (16. VII. 1920, ქუთაისი, – 17. VI. 1997, თბილისი), ისტორიკოსი. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1982). 1937–41 სწავლობდა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტზე. 1945-იდან მუშაობდა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის ინ-ტის საქართვ. ფეოდალური ხანის განყ-ბაში.

ლ. სწავლობდა ქართული ფეოდალიზმის, კერძოდ საეკლ. მიწათსარგებლობის საკითხებს. შესწავლილი და გამოქვეყნებული აქვს დავითგარეჯის, გელათის, შიომღვიმის, მცხეთის სენიორიების თავისებურება, მათი მმართველობის ორგანიზაცია, სოც. და ეკონ. ვითარება. მის ნაშრომს „ფეოდალური მიწისმფლობელობის ფორმები მცხეთის საპატრიარქოში“ (1971) დიდი მნიშვნელობა აქვს ქართ. ფეოდალიზმის გენეზისის შესწავლისათვის, აგრეთვე დადგენილია ამ პერიოდის მიწისმფლობელობის ერთ-ერთი თავისებური ფორმა – „საყდრიშვილის“ ინ-ტი XV–XVIII სს-ში. ლ-ის მეცნ.-პოპულ. ნაშრომებიდან აღსანიშნავია „შიომღვიმე“ (1953), „გელათი“ (სამი გამოცემა; 1955, 1959, 2014).

1970–74 ლ. ინტენსიურად მუშაობდა საქართვ. ისტორიის ნარკვევების მე-3 ტომზე, რ-შიც გამოქვეყნდა მისი ნაშრომები: „XI–XII საუკუნეების წყაროები“, „მონღოლებთან დაზავება“, „მონღოლთა ბატონობა საქართველოში და ბრძოლა მის წინააღმდეგ (XIII ს. 40-იანი – XIV ს. 10-იანი წწ.)“, „საქართველო XIV ს. პირველ ნახევარში. მონღოლთა ბატონობის გადაშენება. გიორგი V ბრწყინვალე“, „საქართველო XV ს. მეორე ნახევარში. ერთიანი საქართველოს საბოლოო დაშლა სამეფოებად და სამთავროებად“, „ცვლილებანი საზოგადოებრივი კლასების მდგომარეობაში XIII–XV სს.“, „ცენტრალური ხელისუფლების ბრძოლა დარღვეულ სოციალურ ურთიერთობათა აღსადგენად (XIV–XV სს.)“, რისთვისაც 1982 (სხვა ავტორებთან ერთად) მიენიჭა სახელმწ. პრემია.

ლ. აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ენციკლოპედიასთან.

მუშაობდა ქართ. ისტ. დოკუმენტების კორპუსის (II ტ.) გამოცემაზე; მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართვ. სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის დოკუმენტაციის მომზადების საქმეში.

ლ. იყო ახალდაარსებული (1995) გელათის მეცნ. აკადემიის დამფუძნებელი წევრი. 2010 მონოგრაფიის სახით გამოიცა მისი სადოქტორო დისერტაცია (დაცვა ვერ  მოასწრო) „საქართველოს საპატრიარქო და მისი მიწისმფლობელობა“.

ე. ბუბულაშვილი