ლომინაძე ჯუმბერ გიორგის ძე (20. IX. 1930, თბილისი, – 20. I. 2014, იქვე), ფიზიკოს-თეორეტიკოსი. საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. აკადემიკოსი (1988; წ.-კ. 1979), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1974), პროფესორი (1982), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (2002). დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის უნ-ტის ფიზ. ფაკ-ტი (1955). მონაწილეობდა სსრკ-ის ბირთვულ პროგრამაში. ცხოვრობდა და მუშაობდა ე. წ. დახურულ ადმ.-ტერიტ. დასახლება ჩელიაბინსკ-70-ში (1956–58). თბილისში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ფიზიკის ინ-ტში სწავლულ მდივნად (1958-იდან), საქართვ. მეცნ. აკად. პრეზიდიუმის მთ. სწავლული მდივნის მოადგილედ (1974–82), მათ. და ფიზ. განყ-ბის აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის შემსრულებლად (1982-იდან გარდაცვალებამდე). მისი ინიციატივით აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში შეიქმნა თეორ. ასტროფიზიკის განყ-ბა, რ-საც ხელმძღვანელობდა 1979–92, იყო საქართვ. მეცნ. აკად. აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი (1992–2000), პლაზმური ასტროფიზიკის ცენტრის ხელმძღვანელი (2000–06), საქართვ. ცენტრ. საარჩევნო კომისიისა (1997–2003) და საქართვ. კოსმოსური სააგენტოს თავ-რე (2003–06), საქართვ. მეცნ. აკად. მ. ნოდიას გეოფიზიკის ინ-ტის კოსმოსური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი (2006-იდან).
ლ-ის შრომები ეხება პლაზმაში ციკლოტრონული ტალღების არამდგრადობისა და ტურბულენტობის თეორიას, პლაზმის ფიზიკისა და მართვადი თერმობირთვული რეაქციების პრობლემას, პულსარების გამოსხივების მექანიზმებს, აკრეციულ მოვლენებს შავი ხვრელების სისტემებში. ავტორია სამეცნ. ნაშრომებისა და მონოგრაფიის.
დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (2000).
თხზ.: Низкочастотные колебания плазмы в случае квазипоперечного распространения. „Ядерный синтез“, 1964, т.4, № 4 (თანაავტ. К. Н. Степанов); Ленгмюровская турбулентность релятивистской плазмы в сильном магнитном поле, „Журнал экспериментальной и теоретической физики‟, 1979, т.77 (თანაავტ. А. Б. Михайловский, Р. З. Сагдеев); Эволюция неосесимметричных сдвиговых возмущений в аккреционных дисках компактных объектов. – Письма в „Астрономический журнал‟. 1988, т.14, (თანაავტ. Г. Д. Чагелишвили, Р. Г. Чанишвили).
პ. მამრაძე