ლომისა, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმინდა გიორგის ეკლესიის კომპლექსი, მდებარეობს მდ-ების – ქსნისა და არაგვის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილზე, სოფ. ქვემო მლეთის (დუშეთის მუნიციპ.). სამხრ-ით, შვიდიოდე კმ-ზე.
კომპლექსში შედის წმ. გიორგის ეკლესია, სამრეკლო და რამდენიმე აკლდამა. სავარაუდოდ, თავდაპირველად აქ მთვარის საკულტო ტაძარი ყოფილა. ქრისტ. ეკლესია აუგიათ წარმართული ტაძრის ადგილას. ეკლესია IX–X სს. განეკუთვნება. გეგმით იგი მარტივი ტიპის სამეკლესიიანი ბაზილიკაა (14,5 მ ´ 13,5 მ). შედგება მოზრდილი დარბაზული ეკლესიისგან და მასზე გვერდებიდან მთელ სიგრძეზე მიშენებული თანადროული მინაშენებისგან, რ-ებიც განივი კედლით ორ თანაბარ ნაწილად არის გაყოფილი. ეკლესია ნაშენია ნატეხი ქვით; რამდენჯერმეა გადაკეთებული, რის გამოც ცენტრ. ნაწილის ინტერიერი მნიშვნელოვნად არის სახეშეცვლილი. შესასვლელი სამხრ-იდანაა, მინაშენიდან. შესასვლელის წინ თაღებიანი კარიბჭეა. შიგნით, შესასვლელის მოპირდაპირედ, დარბაზის ჩრდ. კედელში კარია, რ-იც ჩრდ. მინაშენის დას. ნაწილში გადის. ცენტრ. ნაწილის აღმ. ბოლოში დარბაზის იატაკის მიმართ ექვსი საფეხურით შემაღლებული მართკუთხა საკურთხეველია. საკურთხევლის აღმ. კედელში თაღოვანი სარკმელია. მსგავსი სარკმელია დარბაზის დას. კედელში. საკურთხევლის სამხრ. და ჩრდ. კედლებში კარებია, რ-ებიც საკურთხეველს მინაშენების აღმ. ნაწილთან აკავშირებს. დარბაზის თავდაპირველი გადახურვა შეცვლილია ახალი ცილინდრული კამარით, რ-იც ერთ საბჯენ თაღს ეყრდნობა. თაღს გასამაგრებლად შუაში შეყენებული აქვს დიდი მართკუთხა ბურჯი. გვიანდელია საკურთხევლის გადახურვაც. ეკლესია და კარიბჭე ფიქლითაა გადახურული. ეკლესიის სამხრ-ით დგას ნატეხი ქვით ნაგები, გვიანდ. შუა საუკუნეების ორსართულიანი სამრეკლო. ეკლესიის ირგვლივ აკლდამების ნაშთებია შემორჩენილი.
ლიტ.: ბერიძე გ., ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია, ტ. 2, თბ., 2014; გვასალია ჯ., ქსნის ხეობის იტორიული გეოგრაფიის საკითხები, „საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული“, 1967, [ტ.] 3; მაკალათია ს., მთიულეთი, ტფ., 1930; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ., 2, თბ., 2008.
პ. ზაქარაია