ლომიძე იური ბარნაბის ძე (8. X. 1946, საჩხერე, – 30. VIII. 2018, თბილისი), ინჟინერ-ენერგეტიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (2005), პროფესორი (1997), საქართვ. ენერგეტიკისა (2006) და საინჟინრო აკადემიების (2011) ნამდვ. წევრი. დაამთავრა მოსკოვის ენერგეტიკის ინ-ტი (1970). 1970–72 მუშაობდა „საქენერგორემონტში“ ინჟინრად; 1972-იდან – სპი-ში (ამჟამად სტუ) ჰიდრომანქანების კათედრის გამგედ (1997), იყო სწავლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი (2007). ლ-ის სამეცნ. და საინჟინრო მოღვაწეობის სფეროებია ჰესების ჰიდროტურბინების ენერგეტიკული ეფექტიანობის ამაღლება, ჰიდროენერგეტიკული მოწყობილობის შერჩევა, მისი ტექნიკური მდგომარეობის კვლევა, შეფასება და მუშაობის ოპტიმალური რეჟიმების დადგენა და სხვა.
ლ. იყო ჰიდრავლიკური კვლევების (IAHR; 1995) და ინჟინერ-ენერგეტიკოსთა (GAEE; 2009) საერთაშ. ასოციაციების წევრი. მისი ხელმძღვანელობით (2000–06) სს ,,თბილავიამშენში“ შეიქმნა ჰორიზონტალური, 10–300 კვტ სიმძლავრის პროპელერული ტურბინის 2 ტიპის და ფრენსისის ტურბინის 5 ტიპის კონსტრუქცია.
ლ-ს გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები, ეწეოდა ნაყოფიერ პედ. მოღვაწეობას. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2013).
თხზ.: ნავთობისა და ნავთობპროდუქტების თანამიმდევრული გადატუმბვა, თბ., 2008;ჰიდროსადგურების ჰიდროენერგეტიკული და ჰიდრომექანიკური მოწყობილობებები, თბ., 2016.