ლომოური იულონ ნიკოლოზის ძე [3(16). IX. 1885, სოფ. არბო, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, – 26. XII. 1966, თბილისი], აგრონომ-მემცენარე. საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1947) მწერალ ნ. ლომოურის ვაჟი. მეცნ. დამს. მოღვაწე (1943) პროფესორი (1932), საქართვ. 1910 დაამთავრა პეტერბ. უნ-ტის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტის საბუნებისმეტყველო განყ-ბა გეოლოგიის განხრით, 1913 – მოსკ. სას.-სამ. ინ-ტი (ახლანდ. კ. ტიმირიაზევის სახ. სას.-სამ. აკადემია) აგრონომის სპეციალობით. 1923–29 იყო თბილ. ბოტან. ბაღის დირექტორი, თსუ-ის კერძო მიწათმოქმედების, 1929–60 კი სას.-სამ. ინ-ტის მემცენარეობის კათედრის გამგე. ლ. იკვლევდა მინდვრის კულტურების აგროტექნიკის საკითხებს. ავტორია სახელმძღვანელოსი „მარცვლეული კულტურები“ (ნაწ. 1–2, 1946–50), თანაავტორი წიგნისა – „ძირხვენა მცენარეების კულტურები“ (1954). ლ. ითვლება სას.-სამ. განათლების ერთ-ერთ ფუძემდებლად. მისი სახელი მიენიჭა საქართვ. მიწათმოქმედების სამეცნ.-კვლ. ინ-ტს.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
გ. თოდუა