ლომოური ნოდარ იულონის ძე (9. VIII. 1926, თბილისი, – 3. VIII. 2016, იქვე), ისტორიკოსი, ი. ლომოურის ვაჟი. ისტორიის მეცნ. დოქტორი (1970), პროფესორი (1977), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1987), საქართვ. პედ. მეცნ. აკადემიის ნამდვილი წევრი (1998).
დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1949). 1951–53 მუშაობდა სოხუმის პედ. ინ-ტში უფროს მასწავლებლად, 1953–65 – თსუ-ის ძველი ქვეყნების ისტორიის კათედრის დოცენტად, ისტორიის ინ-ტის უფროს მეცნ. თანამშრომლად, 1965–71 იყო თსუ-ის პრორექტორი, 1969–71 ამავე უნ-ტის ძველი ისტორიის კათედრის გამგე. 1971–91 – ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმის უფროსი მეცნ. თანამშრომლი; 1975-იდან – აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის ბიზანტიოლოგიის განყ-ბის უფრ. მეცნ. თანამშრომელი, შემდეგ განყ-ბის ხელმძღვანელი. 1997–2004 – შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების სახელმწ. მუზეუმის დირექტორი.
ლ. XX ს. 50-იანი წლებიდან მონაწილეობდა არმაზციხე-მცხეთაში, გრძელმინდორზე, უჯარმაში, შორაპანში, სარკინეთში, ბედენში, დმანისში, გელათსა და ქუთაისში მიმდინარე არქეოლოგიური ექსპედიციების მუშაობაში, ხოლო 1973–91 იყო ნოქალაქევის (ძვ. არქეოპოლისის, ანუ ციხეგოჯის) ექსპედიციის მუდმივი თანამშრომელი.
ლ-ის სამეცნ. კვლევები ეხება ძვ. და ადრეული შუა საუკუნეების პრობლემებს, ბიზანტიასთან მრავალმხრივი ურთიერთობის საკითხებს, სამხრ. კავკასიის ეთნიკური ვითარების პრობლემებს. ლ-ს შესწავლილი აქვს ქართლის, ანუ იბერიის სამეფოს ჩამოყალიბება, ქრისტიანობის გავრცელება და დამკვიდრება, ბრძოლა უცხოელ დამპყრობლებთან და სხვ. ქართულად თარგმნა და მეცნ. ატრიბუციით აღჭურვა ბერძენი და რომაელი ავტორების ცნობები საქართველოს შესახებ (კლავდიოს პტოლემაიოსი, ბერძენი ლოგოგრაფოსები, დიონ კასიუსი, ჰერაკლიდე, დიონისე სიცილიელი). გამოიკვლია ძველი აჭარის, შიდა ქართლის სავაჭრო გზები, კახეთ-ჰერეთის ისტორიისა და აფხაზეთის პრობლემისადმი მიძღვნილი საკითხები.
ლ. მეცნ. და პუბლიც. ნაშრომების ავტორია, მ. შ. 18 მონოგრაფიაა. იგი იყო რუსეთში გამომავალი საერთაშ. ჟურნ. „Византийский временник“-ის სარედაქციო კოლეგიის წევრი, ბიზანტინისტთა საერთაშ. ასოციაციის საქართვ. კომიტეტის პრეზიდენტი (2001).
ლ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996), იყო თბილისის საპატიო მოქალაქე (2000).
თხზ.: კოლხეთის სანაპიროს ბერძნული კოლონიზაცია, თბ., 1962; დიონ კასიუსის ცნობები საქართველოს შესახებ, თბ., 1966; ეგრისის სამეფოს ისტორია, თბ., 1968; ნარკვევები ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიიდან, თბ., 1975; ძირძველი ქართული მხარის – აფხაზეთის ისტორიისთვის, თბ., 2008 (რუს. და ინგლ. რეზიუმეებით); ქრისტიანობის გავრცელება და დამკვიდრება საქართველოში, თბ., 2009; საქართველოს და ბიზანტიის იმპერიის ურთიერთობა, ნაწ. 1 (IV–IX სს), თბ., 2011; Рим и Иберия. Историческая картина, „Вопросы истории“, 1973, N2; Лазы (Чаны), იქვე, 1974, N5; К истории Понтийского царства, ч. 1, თბ., 1979; Грузино-Римские взаимоотношения ч.1 – Политические взаимоотношения, Tб., 1981; К истории грузинского Петрицонского монастыря (Бачковский монастырь в Болгарии), Некоторые вопросы истории Грузии в армянской историографии, Тб., 2009.