„ლოპოტა სპა რეზორტი“ (შპს), დასასვენებელი კომპლექსი კახეთში (სოფ. ნაფარეული, თელავის მუნიციპალიტეტი), ლოპოტის ტბის გარშემო. იგი რეგიონში ერთ-ერთი პირველი რეზორტის ტიპის სასტუმრო კომპლექსია, რ-იც თბილისიდან 116 კმ სავალზეა და განთავსებულია 60 ჰა-ზე.
XIX ს-ში ლოპოტის ხეობა მიიჩნეოდა ა. ჭავჭავაძის მამულად, რ-იც ვარდის პლანტაციებით იყო განთქმული, მოგვიანებით, ტერიტორია რომანოვების საუფლისწულო მამული გახდა.
პირველი მცირე ზომის 7-ნომრიანი სასტუმრო აშენდა 2008 (დამფუძნებელი გ. მაისურაძე). დროთა განმავლობაში მას დაემატა სასტუმროს ახ. შენობები ტბის გარშემო. ამჟამად ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სასტუმროს 15 კორპუსი სტანდ., უმაღლ. და პრემიუმ კატეგორიის ნომრებით, რ-თაც შეუძლიათ უმასპინძლონ 235-ზე მეტ ვიზიტორს. რეზორტი გასართობი საშუალებების მრავალფეროვნებით გამოირჩევა: ცხენზე ჯირითი, კვადრო ტურები, თევზაობა, წყლის თუ სახმელეთო ველოსიპედები, სათამაშო მოედნები, საბავშვო ცენტრი, ჩოგბურთის კორტები, ლაშქრობა, პირველი ბიოფილური სპა, ღია და დახურული აუზები, საუნა და ა. შ. ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ კახური ტრად. ღვინის დეგუსტაციაში, ჩურჩხელების ამოვლებასა და ჭაჭის გამოხდაში, ეზიარონ ქართულ, ევრ. თუ აზიურ კულინარიას. ტერიტორიაზე შესაძლებელია დღესასწაულების, ქორწილების, კონფერენციების, სემინარებისა და სხვადასხვა აქტივობის ორგანიზება. სასტუმრო კომპლექსი სტუმრებს ოთხი სეზონის განმავლობაში მასპინძლობს.
რეზორტის განუყოფელი ნაწილია შატო ბუერა და მისი მეღვინეობა (გამორჩეული ადგილი ღვინის მოყვარულთათვის) გაშლილი ვენახებით და რენესანსის სტილის ზღაპრული სასახლით, თანამედროვეობისა და ღვინის უძველესი ტრადიციების შერწყმით, დაარსდა 2018 „ლ. ს. რ-ის“ დამფუძნებლის გ. მაისურაძის მიერ.
2010 „ლოპოტა რეზორტის“ ტბა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აკურთხა, რის შემდეგაც ტბა მისი სახელობისაა.
ამჟამად „ლ. ს. რ.“ გამორჩეული გარემოთი, ადგილ. ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით, შთამბეჭდავი ინფრასტრუქტურითა და უმაღლ. ხარისხის მომსახურებით მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტია.
ლ. აბრამიშვილი