ეგრისის საერისთავო, ქართლის სამეფოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული დასავლეთ საქართველოში („ქართლის ცხოვრება"). შეიქმნა ძვ. წ. III საუკუნეში ფარნავაზ მეფის მიერ, რ-მაც ეგრისის პირველ ერისთავად ქუჯი დანიშნა. ამ დროიდან მოყოლებული (ქართ. წყაროს მიხედვით), სავარაუდოდ V ს. 30-იანი წლების ბოლომდე, ე. ს. გარკვეული სახეცვლილებით მუდმივად არსებობდა. ვახტანგ გორგასლის დროს ერთ საერისთავოდ იყო გაერთიანებული შიდა ეგრისი და სვანეთი (ერისთავი – სამნაღირი). ქართ. წყაროს ცნობებს ეწინააღმდეგება უცხ. წყაროების (უმთავრესად რომაულბიზანტიური) მონაცემები. ამ წყაროთა მიხედვით, ის ტერიტორია, რ-ზეც ე. ს. მოიაზრება, თავდაპირველად პონტოს სახელმწიფოს, შემდეგ რომის იმპერიის და, ბოლოს, ლაზიკის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. სავარაუდოდ, ე. ს. მართლაც ფარნავაზ მეფემ შექმნა, თუმცა ძვ. წ. I ს. უკვე აღარ არსებობდა. რაც შეეხება V ს. II ნახ. ვითარებას, სვანეთი და ეგრისის ტერიტორიის რაღაც ნაწილი, ალბათ, მართლაც შედიოდა ქართლის სამეფოს შემადგენლობაში ცალკე საერისთავოს სტატუსით.
წყარო: ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. 1, თბ., 1955.
ლიტ.: ბ ა ხ ტ ა ძ ე მ., ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში, თბ., 2003.
მ. ბახტაძე