ლორთქიფანიძე გიორგი (გივი) ირაკლის ძე (10. X. 1918, სოფ. დიდი ჯიხაიში, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 11. IV.1978, თბილისი), კომპოზიტორი, მუსიკისმცოდნე-თეორეტიკოსი, პედაგოგი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1967). დაამთავრა თბილ. I მუს. სასწავლებელი (1947, კომპოზიცია), სპი (1948, სამშენებლო ფაკ-ტი), თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (1952, საკომპოზიტორო). მონაწილეობდა II მსოფლიო (1939–45) ომში. 1952–53 იყო ქუთაისის დრამ. თეატრ. მუს. ხელმძღვანელი. 1953–67 – თბილ. კულტსაგანმან. სასწავლებლის პედაგოგი, იმავდროულად – I მუს. სასწავლებლის (1956–59) და სახელმწ. კონსერვ. საგუნდო-სადირიჟორო კათედრის პედაგოგი (1959–61), პროფესორი (1978). 1972–78 იყო ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. კონსერვ. პრორექტორი. დააარსა და ხელმძღვანელობდა კონსერვ. სტუდენტურ ანსამბლ „მოტეტს“, „გორდელას“. ავტორია სიმებიანი კვინტეტის, საფორტეპიანო პიესებისა და გუნდების. მ. შ. „ფოთოლს უყვარს“ (1970), „საქართველოს მთებზე“ (1970), „ია“ (1971) და სხვ. მუსიკალურად გააფორმა სპექტაკლები: „მირანგულა“, „ახალგაზრდა მასწავლებელი“, „ქარიშხლის წინ“ (ქუთ. დრამ. თეატრი). ლ-მ აღზარდა მრავალი მომღერალი, ქორმაისტერი, კომპოზიტორი და მუსიკისმცოდნე: თ. ბაკურაძე,ვ. ბეგლარიშვილი, ა. ერქომაიშვილი, ა. მამაცაშვილი, გ. მუნჯიშვილი, ლ. სეხნიაშვილი, მ. ჭოღოშვილი და სხვ.
ლიტ.: ერქომაიშვილი ა., გივი მასწავლებელი, წგ. გზები, ადამიანები, სიმღერები, თბ., 2011.