ლორთქიფანიძე გურამ ამბროსის ძე (14. IX. 1938, ქ. ბათუმი, – 24. III. 2019, თბილისი), ისტორიკოსი, არქეოლოგი, საქართვ. ეროვნ. მეცნიერებათა აკადემიის წ.-კორ. (2009). ისტორიის მეცნ. დოქტორი (1974), პროფესორი (1977), სწავლობდა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტზე, დაამთავრა მ. ლომონოსოვის სახ. მოსკოვის უნ-ტი (1961). 1961–77 მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. ინ-ტის არქეოლ. განყ-ბაში. 1974 ხელმძღვანელობდა ბიჭვინთის არქეოლ. ექსპედიციას. 1977–78 იყო თსუ-ის საქართვ. ისტ., 1979–81 – არქეოლ. კათედრების პროფესორი, 1985–2005 – თსუ-ის უმაღლ. სასწავლებლის მასწავლებელთა კვალიფიკაციისა და გადამზადების ფაკ-ტის დეკანი. კითხულობდა ლექციებს ანტიკურ არქეოლოგიაში. ლოს-ანჟელესისა (1987–88) და კარდელის სახელმწ. (1990; სლოვაკეთი) უნ-ტებში. 2002–04 იყო თბილ. საერთაშ. ინფორმაციის, სამართლისა და კულტ. ურთიერთობების უნ-ტის რექტორი, ხოლო 2006–19 თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკ-ტის სრული პროფესორი, შემდეგ ემერიტუსი. იყო გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი პირველი პრეზიდენტი.
ლ. დაჯილდოებულია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის „პატივდების“ სიგელით (2015), თსუ-ის საუნივერსიტეტო მედლით (2018), ისრაელის საელჩოს საპატიო სიგელით (2018).
ბიბლ.: გურამ ლორთქიფანიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო კრებულში კულტურულ-საისტორიო ძიებანი, II, თბ., 2018.