ლორთქიფანიძე დავით ოთარის ძე

დ. ლორთქიფანიძე

ლორთქიფანიძე დავით ოთარის ძე (დ. 5. VIII. 1963, თბილისი), ანთროპოლოგი, არქეოლოგი. გეოგრაფიის მეცნ. დოქტორი (2001), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის აკადემიკოსი (2018; 2009-იდან წ.-კორ.). დაამთავრა თსუ-ის გეოლოგიისა და გეოგრაფიის ფაკ-ტი (1985), რუსეთის მეცნ. აკადემიის გეოგრაფიის ინ-ტის ასპირანტურა (1991). 1992–97 იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის გეოგრაფიის ინ-ტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1997–2002 – ს. ჯანაშიას სახ. სახელმწ. მუზეუმის განყ-ბის გამგე, 2002–04 – ამავე მუზეუმის დირექტორის მოადგილე, 2004–05 – დირექტორი; 2005-იდან არის საქართვ. ეროვნ. მუზეუმის გენ. დირექტორი.

ლ. იყო მიწვეული პროფესორი პარიზის ბუნების ისტორიის მუზეუმში (1999–2000), ტარაგონას (2001, 2004, 2011), ჰარვარდის (2002), მელბურნის (2014) უნ-ტებში; 2018-იდან თსუ-ის სრული პროფესორია.

ლ-ის ძირითადი კვლევის სფეროა ადამიანის ევოლუცია და ბუნების ისტორიის საკითხები, გარემოს ცვლილებების და კულტურული პროცესების ურთიერთკავშირები. ხელმძღვანელობს საერთაშ. სამეცნ. პროექტს დმანისში, სადაც აღმოჩენილია ყველაზე ადრეული ადამიანის ნაშთები აფრიკის გარეთ. უძღვებოდა საერთაშ. სამეცნ. პროექტს, რ-ის საფუძველზეც დადგენილი და შესწავლილია უძველესი ღვინის კვალი საქართველოს ტერიტ-ზე არსებულ ნეოლითურ ნამოსახლარში. მისი ინიციატივით მომზადდა მრავალი გამოფენა მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში.

ლ. არის რამდენიმე საერთაშ. სამეცნ. ჟურნალის სარედაქციო საბჭოსა და სამეცნ. კომიტეტის წევრი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები, მ. შ. მონოგრაფიები.

ლ. არჩეულია აშშ-ის ეროვნ. აკადემიის უცხოელ წევრად (2007), გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის წ.-კორ-ად (2007), მეცნიერებისა და ხელოვნების ევროპული აკადემიის წევრად (2008), ევროპის აკადემიის წევრად (2010).

ლ-ს მიღებული აქვს საქართვ. პრეზიდენტის პრემია ახალგაზრდა მეცნიერთათვის (1997); მონაკოს პრინცის პრემია (2001); საქართვ. ღირსების ორდენი (2001); საფრანგეთის ორდენი „აკადემიური პალმა“ (2002); საფრანგეთის ღირსების ორდენი (2006); ლინჩეის ეროვნ. აკადემიის ჯილდო, „ფაბიო ფრასეტოს“ საერთაშ. პრიზი (2008 იტალია); საქართვ. სახელმწ. ჯილდო ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (2011); საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის ლ. დავითაშვილის სახ. პრემია პალეობიოლოგიაში (2012); ჰუმბოლდტის პრემია (2014, გერმანია); გფრ-ის სახელმწ. ორდენი – გოეთეს მედალი (2016) და სხვ.