ლორთქიფანიძე (ქალიშვილობის გვარი ყიფიანი) ელენე დიმიტრის ასული [19. V(1. VI). 1855, ქვიშხეთი, – 23. XI. 1890, ქუთაისი]; მწერალი, ჟურნალისტი, ბიბლიოფილი, თეატრალური და საზოგადო მოღვაწე. დ. ყიფიანის ქალიშვილი. XIX ს. 70-იან წწ-ში მონაწილეობდა ხალხოსნურ მოძრაობაში მეუღლესთან, ვექილსა და ბიბლიოფილ ა. ლორთქიფანიძესთან (1847–94) ერთად. იყო ქართველ ხალხოსანთა ქუთაისის წრის წევრი; ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ღარიბ მოსწავლეთა კომიტეტის თავ-რე (1880). მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართ. ხალხ. სიმღერებისა და სას. საგალობლების შეკრებასა და ნოტებით ჩაწერაში. იყო ალმანახ „ქართული ბიბლიოთეკის“ (ქუთაისი; 1883) ერთ-ერთი დამაარსებელი და რედაქციის წევრი. მისი ინიციატივით გამოიცა კრებ. „თარგმანნი საამო საკითხავთა თხზულებათა“ (1872), აგრეთვე თარგმანთა ორი წიგნი – „მოთხრობანი“ (1880, 1882). მონაწილეობდა თბილისში, ქუთაისსა და ქვიშხეთში გამართულ თეატრ. წარმოდგენებში (შექსპირის „ვენეციელი ვაჭარი“, მოლიერის „ძალად ექიმი“, ა. გრიბოედოვის „ვაი ჭკუისგან“, გ. ერისთავის „უჩინმაჩინის ქუდი“, გ. სუნდუკიანის „პეპო“ და სხვ.). ლ. თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან („დროება“, „ივერია“, „მნათობი“, „ნობათი“ და სხვ.), აქვეყნებდა სხვადასხვა ხასიათის თხზულებებს, ძირითადად თარგმანებს (მოლიერი, მოპასანი, ა. დოდე და სხვ.).
ლიტ.: თუმანიშვილ-წერეთელი ა., ელენე დიმიტრის ას. ლორთქიფანიძისა, „კვალი“, 1894, №45; მესხი ლ., ღირსეული მამულიშვილი, „საბჭოთა ხელოვნება“, 1965, №9; ტაბიძე ნ., ეტიუდები, თბ., 1986; ჩიხლაძე ნ., ღვაწლმოსილი ქართველი მანდილოსნები, თბ., 1976.
თ. ჯოლოგუა