ლორთქიფანიძე ილია გიორგის ძე

ლორთქიფანიძე ილია გიორგის ძე (5. VIII. 1896, სოფ. დიდი ჯიხაიში, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 9. VIII. 1941, თბილისი), პედიატრი. მედ. მეცნ. დოქტორი (1935), პროფესორი (1935). ოდესის უნ-ტის სამკურნ. ფაკ-ტის დამთავრების შემდეგ (1920) მუშაობა დაიწყო იქვე, ნ. სტრაჟესკოს კლინიკაში, 1921-იდან (თბილისში გადმოსვლის შემდეგ) – ს. გოგიტიძესთან და ვ. ვორონინთან. 1931–34 იყო თბილ. სამედ. ინ-ტის ბავშვთა სნეულებების, 1934–35 კი – ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრების გამგე. 1935–37 ერთდროულად განაგებდა თბილ. სამედ. და ექიმთა დახელოვნების ინ-ტების პედიატრიის კათედრებს. იყო ბავშვთა I საავადმყოფოს ერთ-ერთი დამაარსებელი და დირექტორი (1937–41).

ლ. იკვლევდა ჩვილ ბავშვთა პნევმონიას, ფილტვისა და პლევრის ჩირქოვან დაავადებებს, ფილტვის ტუბერკულოზს, ანემიას და სხვ.

თხზ.: მასალები ექსპერიმენტული ჰემორაგიული ანემიის პათოლოგიისათვის, ტფ., 1933.

ლიტ.: შოთაძე ფ., ჭყონია ქ., ილია გიორგის ძე ლორთქიფანიძე, თბ., 1966.