ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე [28. IX (10. X). 1839, სოფ. დიხაშხო, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი, – 12. V. 1919, ქუთაისი], საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, კრიტიკოსი. ქუთ. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა პეტერბ. უნ-ტის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტზე. სტუდენტთა გამოსვლებში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს და უნ-ტიდან გარიცხეს (1861). ლ. „თერგდალეულთა“ ჯგუფის აქტ. წევრი იყო. XIX ს. 60-იან წლების ქართულ პრესაში გამოქვეყნებულ პუბლიც.-კრიტ. სტატიებში ლ. ავითარებდა რუს. რევოლუციონერ-დემოკრატთა იდეებს. სხვადასხვა დროს იყო „დროების“, „კრებულის“ და „შრომის“ რედაქტორი, 1894–1904 – ქუთ. საადგილმამულო ბანკის დირექტორი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბისა და ქუთ. ეთნოგრ. საზ-ბის წევრი; „პეტერბურგის ქართული წიგნის გამომცემელი ამხანაგობის“ ერთ-ერთი დამაარსებელი. ლ-მ შექმნა ახ. ქართ. საბეჭდი შრიფტი, რ-საც მისი სახელი ეწოდა და ამჟამადაც იხმარება; 1864 პეტერბურგში გამოსცა ალმანახი „ჩონგური“, 1869 – ი. ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“ და სხვ. თარგმნა ნ. ნეკრასოვის, ნ. დობროლიუბოვის, ჰ. ჰაინეს, ვ. ჰიუგოს, ჰ. ბიჩერ-სტოუს და სხვათა ნაწარმოებები. ლ-ს ეკუთვნის რომანტ. ხასიათის ლექსები, წერდა ფსევდონიმებით: „თერგდალეული“, „თომა კარგარეთელი“, „უცხო“, „კილოკავაძე“.
ლიტ.: მეძველია კ., თერგდალეული კირილე ლორთქიფანიძე, თბ., 1965; ნიკოლაძე ნ., რჩეული ნაწერები, ტ. 1, ტფ., 1931; ჭუმბურიძე დ., კირილე ლორთქიფანიძე, წგ.: საქართველოს ახალი ისტორიის საკითხები, თბ., 2003, №6; ხუნდაძე ს., ნარკვევები, თბ., 1941;
ს. ხუციშვილი