ლორთქიფანიძე ნიკო მერაბის ძე

ნ. ლორთქიფანიძე

ლორთქიფანიძე ნიკო (ნიკოლოზ) მერაბის ძე [17(29). IX. 1880, სოფ. ჩუნეში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, – 25. V. 1944, თბილისი], მწერალი. სწავლობდა ქუთ. კლასიკურ გიმნაზიაში, საშ. სასწავლებელი ვლადიკავკაზში დაასრულა. თავდაპირველად სწავლა განაგრძო ხარკოვის უნ-ტში, შემდეგ – ავსტრიაში, ლეობენის სამთო აკადემიაში. 1907 სამშობლოში დაბრუნდა. ასწავლიდა გერმ. ენას თბილ. და ქუთ. სკოლებში, საქართვ. ინდუსტრიულ ინ-ტში (1928–40), შემდეგ იქვე იყო უცხო ენათა კათედრის გამგე, 1921–24 – ხელოვნ. მუშაკთა კავშირის თავ-რე. ლიტ. მოღვაწეობა 1902 დაიწყო. ლ-ის ნაწარმოებები იბეჭდებოდა ქართ. ჟურნალ-გაზეთებში: „ნიშადური“, „საქართველო“, „ივერია“, „თეატრი და ცხოვრება“, „დროება“, „სახალხო გაზეთი“, „თემი“, „კოლხიდა“ და სხვ.

ლ-მ იმთავითვე მიიქცია ყურადღება როგორც უაღრესად ჰუმანური იდეების გამომხატველმა შემოქმედმა. მისი ლიტ. მემკვიდრეობა გამოირჩევა თემატური მრავალფეროვნებითა და ჟანრთა ნაირსახეობით. მან თავისი მინიატიურებითა და ნოველებით ეროვნ. ლიტ-რაში საფუძველი ჩაუყარა თვისებრივად ახალ ტენდენციებს და მხატვრული გამოხატვის სრულიად ორიგინალურ ფორმებს. ლ-მ გასული საუკუნის დასაწყისში ქართ. მწერლობაში გზა გაუხსნა ევრ. მოდერნიზმს და, როგორც იმპრესიონისტმა ნოველისტმა, ახ. იმპულსებით გაამდიდრა ქართ. სულიერი კულტურა. მის კალამს ეკუთვნის 200-მდე მინიატიურა, ნოველა და მოთხრობა, 1 რომანი და 2 პიესა. ლ-ის მხატვრული ოსტატობა სრულყოფილად გამოვლინდა მცირე ჟანრის ნაწარმოებებში. მან სხვადასხვა ცხოვრებისეული ასპექტი ემოციურ სინამდვილედ აქცია, უფაბულო მინიატიურები ლექსისებურად აამეტყველა. პოეტური პროზის ბრწყინვალე ნიმუშებია ლ-ის ღრმა ლირიზმით გამსჭვალული ის მინიატიურები, რ-ებშიც სამშობლოს მძიმე ხვედრით გამოწვეული წუხილია ასახული („მოლოდინში“, 1908; „მრცხვენია“, 1909; „საქართველო იყიდება“, 1910; „რეკა“, 1911 და სხვ.). სიუჟეტიან ლიტ.-ეპიკურ ნაწარმოებებში, რ-ებიც, ძირითადად, ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ ამბებზეა აგებული, მწერლის ყურადღების ცენტრშია ე. წ. „პატარა ადამიანი“, დიდბუნებოვანი, მაგრამ ცხოვრების უკუღმართობით დაჩაგრული („პატარა კაცი“, „მარად და მარად“, 1912; „ცხოვრება სალომიკასი“, „სენტიმენტალური ნახატები“, 1914; „საბა“, 1916; „ტრაგედია უგმიროთ“, 1922; „თავსაფრიანი დედაკაცი“, 1926 და სხვ.). მწერლის თანაგრძნობა ამ დიდებულ ადამიანთა მიმართ, რ-ებიც „უძეგლოდ იკარგებიან“, გარკვევით ჩანს თხზულების მეტყველ ქვეტექსტებსა და მკაფიოდ გამოხატულ ინტონაციურ ნიუანსებში.

ლ-ის შემოქმედებაში მნიშვნელოვანია ფეოდ. ხანის ამსახველი თხზულებები: „მრისხანე ბატონი“ (1912), „ჟამთა სიავე“ (1920), „რაინდები“ (1924), „ქედუხრელნი“ (1946), რ-ებიც მთლიანად ავტორის შემოქმედებითი ფანტაზიის ნაყოფია, თუმცა ადეკვატურად ასახავს საქართვ. წარსულს. ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ დამღუპველ მოვლენებზე, რ-ებიც არღვევდა საქართვ. ეროვნულ სიმტკიცეს.

ფეოდ. კლასის დეგრადაცია, კაპიტალიზმის შემოჭრასთან დაკავშირებული მემამულეთა სრული გაპარტახება არის ასახული „დანგრეულ ბუდეებში“ (1917). იგი რამდენიმე ნოველისაგან შედგება. თავად-აზნაურთა წარსული და აწმყო აქ ავტორის მსოფლმხედველობრივ ფოკუსშია გატარებული. მწერლის ფხიზელ მზერას თან გასდევს სევდიანი განცდაც, რ-იც თხზულებას თავისებურ ლირიზმს ანიჭებს.

ლ-ის შემოქმედებაში თანაბარი სიძლიერით არის წარმოდგენილი ლირიზმი და იუმორი, რ-ებიც მწერლის ტალანტის მრავალმხრივობაზე, მის ფართო დიაპაზონზე მეტყველებს. წმინდა სატირული მოთხრობებია „რუმბი“ (1911) და „ქაღალდის კაცი“ (1920); იუმორისტულია „ბუმბერაზი“ (1911), „ოდელია, დელია“ (1920), „სოფლის აშიკი“ (1921), „ეპისკოპოსი ნადირობაზე“ (1926) და სხვ. მინიატიურაში „ბებრები“ (1920) მსუბუქ იუმორს ერწყმის ლირიზმი. ლ-ის ლირ. და სატირულ-იუმორისტულ თხზულებებს ერთი საფუძველი აქვს: ცხოვრების რეალისტური ასახვა, კონკრეტულობა და დამაჯერებლობა.

ლ-ის თხზულებათა ერთ ნაწილს ლეგენდარულ-ზღაპრული შინაარსი უდევს საფუძვლად („ავადმყოფი დედა“, 1909; „მოწყენილი ანგელოზი“, „უკვდავი გველი“, 1910; „ერთ ტაფაში“, 1911; „ვენერას პირველი ნაბიჯი“, 1916 და სხვ.). მწერლის სტილი აქ განსხვავებულია, ერთმანეთს ენაცვლება ფანტასტიკა და სინამდვილე. ამაღლებული ინტონაცია, არქაიზმების სიჭარბე, სიტყვათა ინვერსიული წყობა და სხვ. ქმნის ამგვარ თხზულებათა პათოსს.

ლ-ის ერთადერთ რომანში „ბილიკებიდან ლიანდაგზე“ (1928) მოქმედება მიმდინარეობს რუსეთის პირველი რევ. დამარცხებიდან I მსოფლიო ომის დაწყებამდე. ხაზგასმულია ორი ეპოქალური ტენდენცია: ძველი ლიბერალიზმის თანდათანობითი დეგრადაცია და ახალი რევოლუციური ცნობიერების ჩამოყალიბება საზოგადოების ყველაზე „პერსპექტიულ კლასში“ (გ. ასათიანი, ტ. 3. „თანამდევი სულები“). აღსანიშნავია მოთხრ. „მოქანდაკე“ (1936), პიესები „ქეთო“ (1914) და „შეუთანხმებლები“ (გამოქვეყნდა 1953).

ლ-მ, როგორც მხატვრული სიტყვის ბრწყინვალე ოსტატმა, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა XX ს. ქართ. პროზის განვითარება.

ლ. დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ნიკო ლორთქიფანიძე, „ტრაგედია უგმიროთ“, კითხულობს სერგო ზაქარიაძე: https://www.youtube.com/watch?v=gqNwI2uyV8E

 

თხზ.: თხზულებათა სრ. კრ. ოთხ ტომად, ტ. 1–2, თბ., 1934–37; გამოც. მე-2, ტ. 1–2, თბ., 1958–59; გამოც. მე-3, ტ. 1–4, თბ., 1973–81; რჩეული ნაწარმოებები (3 ტომად), თბ., 2012.

ლიტ.: აბრამიშვილი ე., ნიკო ლორთქიფანიძე, თბ., 1977; ასათიანი გ., თანამდევი სულები, ტ. 3, თბ., 2002; ბეჟანიშვილი რ., ნიკო ლორთქიფანიძე, თბ., 1969; ბურჯანაძე რ., იმპრესიონიზმი და ნიკო ლორთქიფანიძე, თბ., 2005; გრიგალაშვილი ნ., ნიკო ლორთქიფანიძე, თბ., 1992; მილორავა ი., ნიკო ლორთქიფანიძის მხატვრული დრო და სივრცე, თბ., 1995; ჟღენტი ბ., ნიკო ლორთქიფანიძე, თბ., 1972; ცისკარიძე ვ., უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის საკითხები, თბ., 1972; ჭილაია ს., უახლესი ქართული მწერლობა, თბ., 1972; ქართული ლიტერატურა მოდერნიზმისა და რეალიზმის მიჯნაზე (ეძღვნება მიხეილ ჯავახიშვილისა და ნიკო ლორქიფანიძის დაბადებიდან 130-ე წლისთავს), თბ.,2010.

                                                                                                                                                                                 ე. აბრამიშვილი