ლორთქიფანიძე ნუგზარ ლევანის ძე

ნ. ლორთქიფანიძე

ლორთქიფანიძე ნუგზარ (შალვა) ლევანის ძე (10. I. 1941, თბილისი, – 26. X. 2016, იქვე). რეჟისორი და პედაგოგი. კ. მარჯანიშვილის სახ. (1987) და საქართვ. სახელმწ. (2004) პრემიების ლაურეატი. 1967 დაამთავრა თეატრ. ინ-ტი დრამატული თეატრის რეჟისორის სპეციალობით. 1967–71 მუშაობდა რეჟისორად საქართვ. ტელევიზიაში. იყო თეატრ. გადაცემების წამყვანი, ტელევიზიის ლიტ.-დრამ. რედაქციისა და სატელევიზიო ჟურნალ „იავნანას’’ რეჟისორი., 1971–75, 1983–96 – თეატრ. ინ-ტის პედაგოგი (მსახიობის ოსტატობის და რეჟისურის კათედრის დოცენტი, შემდეგ კი – პროფესორი). ლექციებს კითხულობდა კულტურის ინ-ტში. 1975–82 იყო თელავის თეატრის მთ. რეჟისორი, 1982–87 – კინოსტუდია „ქართული ფილმის“ კინომსახიობთა თეატრის რეჟისორი; 1987–88, 1987-96 – საქართვ. თეატრის მოღვაწეთა კავშირის კონსულტანტი, შემდეგ – დრამ. თეატრების განყ-ბის გამგე, 1996–2005 – ქუთაისის აკადემიური და საოპერო თეატრების მთ. რეჟისორი.

საქართვ. სხვადასხვა ქალაქში დადგმული აქვს 60 მეტი სპექტაკლი, მ. შ. თბილისის საოპერო თეატრში – ზ. ფალიაშვილის „აბესალომი და ეთერი’’; კინომსახიობთა თეატრში – „წუთისოფელი ასეა’’ (კ. მარჯანიშვილის სახ. პრემია), შ. შამანაძის „ღია შუშაბანდი’’; სოხუმის თეატრში – „ირმის უკანასკნელი ბღავილი’’(ო. მამფორიას ნოველის, ნ. აგიაშვილის „ჭაბუკები დარჩნენ მარად’’, ლ. ასათიანის ლექსებისა და წერილების მიხედვით); გორის თეატრში – „ანა ფრანკის დღიური’’ „სამეფოო, ძველთა ძველო’’ (ა. წერეთლის პოეზიაზე დაფუძნებული წარმოდგენა), რ. ერისთავის „ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს’’; თელავის თეატრში – ფ. გარსია ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი’’, ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი’’, რ. ერისთავის „ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს’’; ქუთაისის თეატრში – რ. ნეშის „წვიმის გამყიდველი’’, ე. დე ფილიპოს „ფილუმენა მარტურანო’’, ი. სამსონაძის „აბეშურა’’ (საქართვ. სახ. პრემია) და სხვ.; ქუთაისის საოპერო თეატრში – პ. მასკანის „სოფლის პატიოსნება’’, მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი’’; თავისუფალ თეატრში – რ. ნეშის „წვიმის გამყიდველი’’; გრიბოედოვის თეატრში – ა. ოსტროვსკის „უკანასკნელი სიყვარული’’, ი. ტურგენევის „მდგმური’’ და სხვ. დადგა სპექტაკლები კიშინიოვის, ონეცკისა და ხარკოვის თეატრებში.

არის შემდეგი პიესების ავტორი: „დალაქი’’, „სამეფოო, ძველთა ძველო/ გუშინწინ, გუშინ, დღეს’’, „წუთისოფელი ასეა”, „თქვენო აღმატებულებავ’’, „სიყვარული ძნელია’’, „კბილის ექიმის თავგადასავალი’’. მიღებული აქვს ა. წერეთლისა და ს. ახმეტელის პრემიები. ფესტივალზე „თეატრალური იმერეთი’’ ლ-ის სპექტაკლს „სამეფოო ძველთა ძველო’’ გადაეცა გრან-პრი (2003); არაერთი ადგილ. და საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მონაწილე და ჟიურის წევრი.