ლორთქიფანიძე რუსუდან რევაზის ასული

ლორთქიფანიძე რუსუდან რევაზის ასული (დ. 5. VIII. 1947, თბილისი), არქიტექტორი. დოქტორი (1993), პროფესორი (1996), საქართვ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში (1998–2004), თსუ-ის რექტორი (2004–06). დაამთავრა სპი-ის არქიტექტურის ფაკ-ტი (1970). 1975–97 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიაში მეცნიერ თანამშრომლად, პარალელურად (1977–98) ეწეოდა პედ. საქმიანობას სპი-ში (1990-იდან სტუ), არქიტექტურის ფაკ-ტზე. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები, მ. შ. 3 მონოგრაფია. საკონკურსო პროექტები: სადიპლომო პროექტების საკავშ. დათვალიერება-კონკურსი (1971, I პრემია), თბილისში ბავშვთა კომპლექს „მზიურის“ კონკურსი (1977, I პრემია). ლ. 1994 მიიწვიეს რომში „ლა საპიენცას“ უნ-ტში. 2002 მიიღო რომის ანგელოზებისა და კონსტანტინეს ხელოვნ. მეცნიერებისა და ლიტერატურის აკადემიის საპატიო დოქტორის წოდება. ლ. დაჯილდოებულია სან-მარინოს (1987) და იტალიის (1995) ქალთა მოძრაობის მედლებით. მონაწილეობდა 1999 რომის პაპის იოანე პავლე II-ის საქართველოში ვიზიტის ორგანიზებაში (ეს იყო პაპის პირველი ისტ. ვიზიტი პოსტსაბჭოთა მართლმადიდებელ ქვეყანაში).