ლორია აბესალომ მამანტის ძე

ა. ლორია

ლორია აბესალომ მამანტის ძე (22. IV. 1922, თბილისი, – 27. I. 2001, იქვე), კინომსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1980). დაამთავრა სპი-ის მანქანათმშენებლობის ფაკ-ტი (1952). იყო ინ-ტის ჯაზ-ორკესტრის კონფერანსიე, საკონცერტო პროგრამების ავტორი და მონაწილე. სახასიათო ეპიზოდური სახეები შექმნა ფილმებში: „განაჩენი“ (1959), „უდიპლომო სასიძო“ (1961, ორივეს რეჟ. ლ. ხოტივარი), „პიერი – მილიციის თანამშრომელი“ (დალაქი, რეჟ. დ. რონდელი, 1965), „არ იდარდო!“ (აფთიაქარი სავლე, 1969), „მთლად წყალწაღებული“ (ალვარესი, 1972), „მიმინო“ (რადისტი, 1977), „პასპორტი“ (მატარებლის უფროსი, 1991; ოთხივეს რეჟ. გ. დანელია, „მოსფილმი“); „ცოტნე დადიანი“ (მსახური, რეჟ. ა. ჟღენტი, 1972), „ვერის უბნის მელოდიები“ (იაშკა, რეჟ. გ. შენგელაია, 1973), „ივანე კოტორაშვილის ამბავი“ (მღვდელი, რეჟ. ნ. მანაგაძე, 1974), „ყვარყვარე“ (გამომძიებელი, რეჟ. დ. აბაშიძე, 1978), „თეირანი-43“ (იუზბაში, რეჟ-ები: ა. ალოვი, ვ. ნაუმოვი, 1980, სსრკ-შვეიცარია-საფრ.), „ამბავი სურამის ციხისა“ (რეჟ. ს. ფარაჯანოვი, დ. აბაშიძე, 1984), „ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი“ (რეჟ. თ. ფალავანდიშვილი, 1990), „გაჭედილები“ (რეჟ. გ. მგელაძე, 2002) და სხვ. ლ-ის შესრულებული როლები გამოირჩეოდა უშუალობით, გულწრფელობით, ცხოვრებისეული სიმართლით.

მ. კერესელიძე