ლორის განძი, ვერცხლის მონეტების განძი (2430 ც). აღმოჩენილია ლორის ციხის ნანგრევებთან 1830–31. განძი თავის დროზე პეტერბურგის აზიური მუზეუმის კოლექციის შემადგენლობაში შევიდა. მონეტების ცუდი დაცულობის გამო მხოლოდ მათი ნაწილის ატრიბუცია მოხერხდა. განძის 600 მონეტა ბიზანტიური ყოფილა; უფრო მართებული იქნება ვიფიქროთ, რომ ისინი ტრაპიზონული ასპრების იმიტაციას – კირმანეულ თეთრს წარმოადგენენ. 503 აღმოსავლური მონეტიდან 13 ჯუჩიდური (ოქროს ურდო) აღმოჩნდა, 22 – ჰულაგუიდური, 9 – ჯალაერიდების (ქართულად – ჯელაირების), 16 – თემურლენგისა და მისი მარიონეტების (სურღათმიში, მაჰმუდი) მიერ მოჭრილი, 47 – თემურიდების, 50 – შირვანშაჰების, 8 – ოსმანიდების (ოსმალების), 3 – მამლუქების, 90 – ყარა-ყოიუნლუსი, 9 – აყ-ყოიუნლუსი, ხოლო 67 – ქართული მონეტა. მათი უმრავლესობა მოჭრილია ალექსანდრე I-ის სახელით და დათარიღებულია „რ“ ქორონიკონით (=100 წ., ანუ 1412), ხოლო რამდენიმე მიეკუთვნება გიორგისა და კონსტანტინეს (არ ჩანს, გიორგი VII და კონსტანტინე I, თუ გიორგი VIII და კონსტანტინე II). განძის აღმოსავლური მონეტების უკიდურესი თარიღებია 1343–1426, ე. ი. 1426-ზე ადრე განძის ჩამარხვა ვერ მოხერხდებოდა. ლორე 1420–22, თუ 1431 ალექსანდრე I-მა საქართველოს შემოუერთა. ამით უნდა აიხსნას XV ს-ში ქართ. მონეტების ლოკაცია ლორეს მიდამოებში.
ლიტ.: აბდალაძე ა., XV ს-ის პირველი ნახევრის საქართველოს ისტორიიდან, „მაცნე, ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია“, 1976, №3; დუნდუა გ., სამონეტო მიმოქცევის საკითხისათვის XII საუკუნის საქართველოში, თბ., 1964; Пахомов Е. А., Монетные клады Азербайджана и Закавказья, в. 1, Баку, 1926.
გ. დუნდუა