ლოქის მასივი, ძველი კრისტალურ-მეტამორფული დანაოჭებული სუბსტრატის შვერილი, სადაც საქართველოს უძველესი ქანებია გაშიშვლებული. მდებარეობს საქართველო–სომხეთის საზღვარზე, მდ-ების – ფინეზაურის, ჯანდარის, ლოქისწყლისა და ფოლადაურის შუა და ზემო დინებათა აუზებში. გეოტექტონიკურად წარმოადგენს ლოქ-ყარაბაღის სუსტად დანაოჭებული ზონის (იხ. ლოქ-ყარაბაღის ზონა) აზევებულ, გაშიშვლებულ და ღრმად გადარეცხილ ნაწილს. ლ. მ. ალპ. ოროგენეზისის დასაწყისისთვის უკვე კონსოლიდირებული სტრუქტურული ერთეული იყო, რასაც მისი ორსართულიანი აგებულება მოწმობს; კამბრიულისწინა-ქვედაპალეოზოურ კრისტ. და მეტამორფულ ქანებს ტრანსგრესიულად ფარავს იურული, ცარცული და პალეოგენური ასაკის სუსტად დანაოჭებული ვულკანოგენური და დანალექი ქანები. სუბსტრატი უმთავრესად აგებულია გრანიტოიდული, ბაზიტური და მეტამორფული კომპლექსებით. მეტამორფული კომპლექსის ქანები იკვეთება ფუძე ქანების და შუა და გვიანპალეოზოური ასაკის გრანიტოიდული ინტრუზივებით.
ო. ხუციშვილი