ლოქის ციხე

ლოქის ციხე, შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი აღმ. საქართველოში, ქვემო ქართლის განაპირა ნაწილში. აღმართულია ამავე სახელწოდების მთის ქედზე, რ-ის აღმ. კლდოვანი შემაღლება ციხეს უჭირავს (ამჟამად სომხეთის საზღვრებშია). ციხე კეტავდა ტაშირში გადამავალ უღელტეხილს, საიდანაც გზა სხვადასხვა მხარეს იტოტებოდა. ამ უღელტეხილთან იყრიდა თავს ლოქისწყლიდან და ფინეზაურიდან ამომავალი გზებიც. მიუდგომელი ციცაბო კლდის ნაპრალები ოდნავ მისაწვდომ ადგილებში მაღალი კედლებითაა ამოშენებული. სამშენებლო მასალად გამოყენებულია საშ. ზომის კვადრები და კირი. კედლის წყობა რეგულარულია. კედლები კარგადაა შემორჩენილი სამხრ., დას. და ჩრდ. მხარეს. შესასვლელი, სავარაუდოდ, სამხრ-იდან იყო,  ჩრდ-ით  კი  ოთხკუთხა კოშკები ამოუშენებიათ. კლდის სამხრ. კალთის მცირე გამოქვაბულში ეკლესიაა. მისი დას., სამხრ. და საკურთხევლის კედლების ნახევარი ციხისავე ქვითა და წყობითაა ამოყვანილი. საკურთხევლის კედელში ადრეფეოდალური ხანის სტელაა ჩაშენებული, რ-ზეც გამოსახულია „ბოლნური მედალიონი“. სტელაზე წარმოდგენილი კომპოზიცია ძალიან წააგავს უკანგორის მცირე ეკლესიასთან ნაპოვნი ქვაჯვრის გამოსახულებას, რ-იც VI ს-ით თარიღდება. ვახუშტი ბატონიშვილი ლ. ც-ის შესახებ არაფერს ამბობს, თუმცა რუკაზე ის აღნიშნული აქვს მდ. ბალიჭისხევის სათავეში, ლოქის მთის სოფლების სიაში კი 9 სოფელი აქვს ჩამოთვლილი.   

ლიტ.: ბერძენიშვილი დ., ციხეთა შესწავლის ზოგიერთი საკითხი, „ძეგლის  მეგობარი“, 1968, №14; მისივე, ნარკვევები ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან, თბ., 2014.

დ. ბერძენიშვილი