გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში (კახეთის მხარე). ჩრდ.-აღმ-ით მდ. ალაზნით გამოეყოფა ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებს, ჩრდ.-დას-ით ესაზღვრება თელავის, სამხრ.-დასით – საგარეჯოს, სამხრ-ით და სამხრ.-აღმ-ით – სიღნაღის მუნიციპალიტეტები. ფართ. 846,0 კმ². მოსახლ. 72,6 ათ. კაცი (2002). ცენტრი – ქ. გურჯაანი. გ. მ-ში არის 1 ქალაქი, 30 სოფელი, 22 თემი: არაშენდის, ახაშნის, ბაკურციხის, გურჯაანის, ვაზისუბნის, ვაჩნაძიანის, ველისციხის, ვეჯინის, კალაურის, კარდანახის, კაჭრეთის, კოლაგის, მელაანის, მუკუზნის, ნანიანის, შაშიანის, ჩალაუბნის, ჩუმლაყის, ძირკოკის, ჭანდრის, ჭერმის, ჯიმითის. ისტორიული ცნობა. ადრეული და განვითარებული ფეოდალიზმის ხანაში ახლანდ. გ. მ-ის ტერიტ. დიდი ნაწილი ჰერეთის ფარგლებში იყო და ვეჯინის საერისთავოში შედიოდა. XV ს. 70-იანი წლებიდან, კახეთში საერისთავოების გაუქმების შემდეგ, აქ რამდენიმე სამოურავო იყო (ვეჯინის, ველისციხის, კალაურის, შაშიანის, ახაშნის, ჯიმითის, ჩუმლაყის და სხვ.). ეკლესიურად იგი ჭერემელ ეპისკოპოსს ექვემდებარებოდა. ქართლ-კახეთის სამეფოს (1762– 1801) გაუქმებისა და რუსეთთან შეერთების (1801) შემდეგ გ. მ-ის ტერიტ. დიდი ნაწილი თელავის მაზრაში შევიდა, 1930-იდან კი ცალკე რ-ნად გამოიყო. ბუნება. გ. მ-ის ჩრდ.-აღმ. ნაწილი უჭირავს ალაზნის აკუმულაციურ ვაკეს, ცენტრ. – გომბორის ქედის ჩრდ.-აღმ. კალთებს, სამხრ. – მთისწინეთს. უკიდურეს სამხრ.-დასავლეთში შემოდის ივრის ზეგნის ნაწილი. ალაზნის ვაკის ზედაპირი ძირითადად ბრტყელია, მხოლოდ აქა-იქ არის პატარა გორაკები. ვაკის სამხრ.-დას. ნაწილი ამაღლებულია გომბორის ქედის კალთებიდან ჩამოტანილი დელუვიურ- პროლუვიური ნალექების დაგროვების გამო. გომბორის ქედი სამხრ.-აღმ-ით დაბლდება, გადადის გორაკ-ბორცვებში და ივრის ზეგანს უერთდება. ქედის კალთები დანაწევრებულია ხევხეობებით. თითქმის ყველა ხეობა დამეწყრილია. მუნიციპალიტეტის ფარგლებში ივრის ზეგნის ზედაპირი მშრალი ხევებითა და ხრამებით დანაწევრებული ტალღოვანი ვაკეა. გ. მ-ის ტერიტ. უმთავრესად აგებულია მეოთხეული ნალექებით (რიყნარი, ქვიშები, თიხები), მესამეული კონგლომერატებით, ქვიშაქვებითა და თიხებით. გაბატონებულია რელიეფის ტექტონ. და ეროზიული ფორმები. წიაღისეულიდან მნიშვნელოვანია სამკურნ. ტალახი (იხ. ახტალა). გ. მ. მთლიანად მოქცეულია ზომიერად ნოტიო სუბტროპ. ჰავის ოლქში. ჰავისთვის დამახასიათებელია სიმაღლებრივი ზონალურობა, დაწყებული ზომიერად თბილი სტეპის ჰავიდან (ივრის ზეგანი), დამთავრებული ზომიერად ნოტიო ჰავით (გომბორის ქედი). საშ. წლ. ტემპ-რა 8,1ºС-იდან (გომბორი) 12,4ºС-მდე (გურჯაანი), იანვ. საშ. ტემპ-რა, შესაბამისად, –2,6, 0,9ºС, აგვ. 18,6, 23,6ºС; აბსოლ. მინ. –26, –22ºС, აბსოლ. მაქს. 31, 36ºС. ტერიტ. დიდ ნაწილზე 800 მმ ნალექი მოდის წელიწადში, უკიდურეს სამხრ.-დასავლეთში (ზეგანზე) – 500 – 600 მმ. ნალექების მაქსიმუმი გაზაფხულზეა. ხშირად იცის სეტყვა. მდინარეთა ქსელს ქმნიან მდ. ალაზანი და მისი პერიოდული შენაკადები: ვაჩნაძიანისხევი, მღვრიეხევი, ჭერმისხევი, ჩალაუბნისხევი და სხვ. ზოგი მათგანი ალაზნამდე ვერ აღწევს, გზად იკარგება ნიადაგში ჩაჟონვისა და აორთქლების გამო. წყალდიდობა ახასიათებთ გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზამთარში. მუნიციპალიტეტს სიგრძეზე კვეთს ალაზნის არხი. ალაზნის ვაკეზე მდელოს ალუვიური კარბონატული ნიადაგია. გამოზიდვის კონუსების წვეროებში და გომბორის ქედის კალთებზე, ქვემოთ, გაბატონებულია ტყის ყავისფერი, ზემოთ – ტყის ყომრალი ნიადაგი. უკიდურეს სამხრ.-დას. ნაწილში მცირე სისქის შავმიწა ნიადაგია. ალაზნის ვაკე თითქმის მთლიანად ათვისებულია. ალაზნისპირას შემორჩენილია ჭალის ტყის ფრაგმენტები. ნარგავ-ნათესებისაგან თავისუფალ ადგილებში გავრცელებულია ტყესტეპის მცენარეულობა, სადაც ერთმანეთს ცვლის ბუჩქნარებისა და ტყის შემდგომი ბალახეული ცენოზები. გომბორის ქედის მთისწინეთი შემოსილია ძეძვით, ჯაგრცხილით, კუნელით, ასკილით, შავჯაგათი და სხვ. ჩრდ.- აღმ. კალთებზე ფოთლოვანი ტყეა (მუხნარი, რცხილნარი, წიფლნარი და სხვ.), ივრის ზეგანზე სტეპის ბალახოვანი მცენარეები და მეჩხერი ჯაგეკლიანი ბუჩქნარია. ტყეში ბინადრობს შველი, მურა დათვი, მგელი, მელა, ტურა, კურდღელი და სხვ.; მრავლადაა ჩვეულებრივი თაგვი, მემინდვრია, რუხი ვირთაგვა, ტყის ძილგუდა. ფრინველთაგან – კაკაბი, მწყერი და სხვ. ალაზანში არის ლოქო, ხრამული, მურწა და სხვ. ხოხბის, კურდღლის, გარეული ღორისა და შვლის დაცვისა და მომრავლების მიზნით შექმნილია ნაკრძალის ტიპის საჩვენებელი სამონადირეო მეურნეობები. ძირითადი ლანდშაფტები: 1. ჭალები ტყის მცენარეულობითა და ალუვიური ნიადაგით; 2. ვაკე მდელო-სტეპის მცენარეულობით და ალუვიურ-კარბონატული ნიადაგით; 3. სტეპური ვაკე ჯაგეკლიანი და ჰალოფილური მცენარეულობით, შავმიწისებრი და დამლაშებული ნიადაგებით; 4. ხევ-ხრამიანი და გამოზიდვის კონუსებიანი მთისწინეთი, ჯაგრცხილნარ- მუხნარით და ჯაგეკლიანებით, ტყის ყავისფერი ნიადაგით; 5. მთის ტყის ლანდშაფტი, მუხნარ-რცხილნარით და რცხილნარ- წიფლნარით ტყის ყავისფერ და ყომრალ ნიადაგებზე. მოსახლეობა. გ. მ-ის მოსახლეობის 98,4% ქართველია. ცხოვრობენ სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც. განსახლების ძირითადი ზონა ზ. დ. 200–600 მ-მდეა. მოსახლ. საშ. სიმჭიდროვეა 85,8 კაცი 1 კმ²-ზე. მოსახლ. 86,1% ცხოვრობს სოფლად.
მეურნეობა. სოფ. მეურნ. მთავარი დარგია მევენახეობა. განვითარებულია აგრეთვე მებოსტნეობა, მებაღეობა, მეცხოველეობა. მრავალწლოვან ნარგავთაგან წამყვანია ვაზი (რქაწითელი, საფერავი, კახური მწვანე და სხვ.). ვენახის ფართობითა და ყურძნის მოსავლით გ. მ. ერთ-ერთ პირველ ადგილზეა საქართველოში. დიდი ფართობი უჭირავს მზესუმზირას ნათესებს. მოჰყავთ მარცვლეული კულტურები. მეცხოველეობაში წამყვანია მესაქონლეობა. მნიშვნელოვანი დარგებია მეცხვარეობა და მეღორეობა. განვითარებულია აგრეთვე მეფრინველეობა, მეფუტკრეობა. მუნიციპალიტეტის ენერგეტ. ბაზაა ალაზანჰესი. მრეწვ. მთავარი დარგია ღვინის წარმოება. ღვინის ქ-ნებია გურჯაანში, ვაჩნაძიანში, ახაშენში, კარდანახში, ზეგაანში, ველისციხეში, მუკუზანსა და ჭანდარში, სპირტის ქ-ნა – გურჯაანში, წისქვილკომბინატი – კაჭრეთში. არის აგრეთვე საკონსერვო, ყველკარაქის ქ-ნები და ადგილ. მნიშვნელობის წვრილი საწარმოები. სატრანსპ. სისტემაში მთავარია რკინიგზა. გ. მ-ის ტერიტორიაზე გადის თბილისი – თელავის, თბილისი – დედოფლისწყაროს და გურჯაანი – წნორის რკინიგზის ხაზები, თბილისი–გურჯაანის, სიღნაღი – თელავისა და ყვარელი – მუკუზნის საავტ. გზები.
კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა. მუნიციპალიტეტში არის სკოლამდელი დაწესებულებები, საჯარო, სამუსიკო (გურჯაანი, ველისციხე, ვაჩნაძიანი, კარდანახი), სამხატვრო (გურჯაანი), სპორტ. სკოლები, პროფტექ. სასწავლებლები (გურჯაანი, კაჭრეთი), სას.-სამ. ტექნიკუმი (ბაკურციხე), ბ-კები, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (გურჯაანი), ი. ბერიტაშვილის სახლ-მუზეუმი (ვეჯინი), ნ. ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი (სოფ. გურჯაანი), ი. ნონეშვილის სახლ-მუზეუმი (კარდანახი), ჯონ შალიკაშვილის სახ. ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმი (ქ. გურჯაანი), საკლუბო დაწესებულებები, სახალხო თეატრი (გურჯაანი). მოსახლ. ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება შპს „გურჯაანის პოლიკლინიკურ-ამბულატორიული გაერთიანება"; მუნიციპალიტეტში არის ტალახით სამკურნ. ბალნეოლ. კურორტი ახტალა. ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები. გ. მ-ის ისტ.- ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან აღსანიშნავია ვაზისუბნის (ურიათუბნის) ღვთისმშობლის მიძინების ბაზილიკა (VI ს. II ნახ.), გუმბათოვანი ეკლესია დავითიანი ვაზისუბნის მახლობლად (VII ს.), კარდანახის საბაწმინდის მონასტერი (სამეკლესიიანი ბაზილიკა VI ს., გუმბათოვანი ეკლესია XIII ს.) (რესტავრირებულია 2008), ყველაწმინდის სამონასტრო კომპლექსი სოფლების ვაჩნაძიანისა და კალაურის მიდამოებში, გურჯაანის ყველაწმინდა (VIII–IX სს.), სამნავიანი ბაზილიკა "სანაგირე" ვაზისუბნის მახლობლად (X–XI სს.) (რესტავრირებულია 2010), ველისციხის სამეკლესიიანი ბაზილიკა (VI ს.), ვეჯინის ციხის კომპლექსი, ჭერემის ნაქალაქარი (ორივე შუა საუკუნეები) და სხვ.
ნ. ასათიანი
მ. ბალიაური
ნ. სულხანიშვილი