ეგრისის სახალხო კრება 555, შეიკრიბა ბიზანტიელი სარდლების მარტინეს, ბესასა და რუსტიკეს მიერ ეგრისის მეფის გუბაზ II-ის ვერაგულად მოკვლის გამო (იხ. ეგრისის დიდი ომი 542–562). კრებაზე ქვეყნის პოლიტ. ორიენტაციის საკითხი წყდებოდა. ეგრისის დიდებულთა ერთი ჯგუფი, რ-თაც აიეტი მეთაურობდა, მოითხოვდა ბიზანტიასთან კავშირის გაწყვეტას და ირანის მხარეზე გადასვლას; მეორე, ფარტაზის ჯგუფი, ირანთან კავშირის მოწინააღმდეგე იყო და საჭიროდ მიაჩნდა იმპ. იუსტინიანე I-თვის მოეთხოვათ გუბაზის მკვლელთა სასტიკი დასჯა და ეგრისის მეფედ გუბაზის უმცროსი ძმის წათეს დამტკიცება. ცხარე კამათის შემდეგ მეორე აზრმა გაიმარჯვა და კრებამ აირჩია დიდებულთა დეპუტაცია კონსტანტინოპოლში გასაგზავნად. იუსტინიანე I იძულებული გახდა დაეკმაყოფილებინა ეგრისელთა მოთხოვნა. ისტორიკოსმა აგათია სქოლასტიკოსმა შემოგვინახა ე. ს. კ-ზე აიეტისა და ფარტაზის სიტყვების ტექსტი. ეს გამოსვლები ქართ. ორატორული ხელოვნების უძველეს ნიმუშებად ითვლება.
წყარო: აგათია სქოლასტიკოსი, წგ.: გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 3, თბ., 1936.
ლიტ.: გ ო ზ ა ლ ი შ ვ ი ლ ი გ., ლაზიკის საგარეო ურთიერთობა მეექვსე საუკუნეში, თბ., 1973; კ ა ნ დ ე ლ ა კ ი ნ., ქართული მჭევრმეტყველება, ტ. 1, თბ., 1975; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1979 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ.1).
ნ. ლომოური