ლუარსაბ II

ლუარსაბ II (1592–1622), ქართლის მეფე (1606–15). 14 წლის დაამტკიცა მეფედ თბილისში მყოფმა შაჰ-აბას I-მა უეცრად გარდაცვლილი გიორგი X-ის ნაცვლად. ლ. II-ს ირან-ოსმ. მიმდინარე ომში ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლა ევალებოდა. თავი გამოიჩინა ტაშისკარის ბრძოლაში (1609). 1610 ლ. II ირანში ესტუმრა შაჰს, რ-მაც ამ ვიზიტის შედეგად მას თბილისის ციხე დაუბრუნა (ამ ციხეში ადრე ოსმალები, 1606-იდან კი ყიზილბაშები იდგნენ). 1611 ბოლოს ლ. II-მ ცოლად შეირთო გ. სააკაძის და, რ-საც დიდ თავადთა მოთხოვნით მალე გაეყარა. ამას მოჰყვა შეთქმულება სააკაძის წინააღმდეგ. ლ. II-ს ცოლი აღარ შეურთავს, ამიტომ ქართლის სამეფო ტახტს პირდაპირი მემკვიდრე არ ჰყავდა. 1612 ლ. II-მ მოაკვლევინა ყაზახის ხანი მოჰამედი, რ-იც შაჰის წაქეზებით მტრობდა ქართლს. იმავე წელს ლ. II-ის და – ხორეშანი ცოლად შეირთო კახეთის მეფე თეიმურაზ I-მა. 1614 შაჰ-აბასმ I-ის შემოსევის დროს ლ. II და თეიმურაზი იმერეთში გადავიდნენ, თუმცა ქართლის აოხრებისგან გადასარჩენად შაჰის ხელშეუხებლობის პირობით ლ. II უკან დაბრუნდა. მეფე კარგი შესახედავი ყოფილა და ნადირობაშიც თავი გამოუჩენია, რაც შაჰ-აბასში შურს იწვევდა. შაჰმა ლ. II ირანში წაიყვანა და რადგან მან გამაჰმადიანებაზე უარი თქვა, ციხეში დაამწყვდია. ქართველ პოლიტ. მოღვაწეთა თხოვნით ლ. II-ის გასათავისუფლებლად შაჰთან იშუამდგომლა რუს. ხელმწიფემ, მაგრამ უშედეგოდ. ლ. II შაჰის ბრძანებით შირაზის ციხეში საბლით მოაშთვეს. იგი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა – წმ. მოწამე ლუარსაბის ხსენების დღეა 21(7. VII) ივნისი.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ეგნატაშვილი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება, იქვე, ტ. 2, თბ., 1959.

ლიტ.: საქართველოს ეკლესიის კალენდარი, თბ., 1994; საქართველოს ისტორია, ტ. 3, საქართველო XIII საუკუნიდან XIX საუკუნამდე, თბ., 2012; საქართველოს მეფეები, თბ; 2000; ჯამბურია გ., გიორგი სააკაძე, თბ., 1964.

გ. ჯამბურია