ლუგოვოეს სამაროვანი, ყობანური კულტურის ძეგლი სოფ. მუჟიჩისთან (ყოფ. ლუგოვოე, სუნჯის რ-ნი, ინგუშეთის რესპ. რფ). გაითხარა 1952, 1955–57 (ე. კრუპნოვი, რ. მუნჩაევი). შესწავლილია ძვ. წ. VI–V სს. ქვით გადახურული 161 ორმოსამარხი. აღმოჩენილი მასალა: რკინის შუბისპირები, დანები, ცულები, მახვილები, ლაგმები, სამაჯურები, კისრის რგოლები, ბრინჯაოს ორნამენტირებული აბზინდები, ბალთები, ბრინჯაოსა და ვერცხლის საკიდები, მინის, პასტისა და ბრინჯაოს მძივები, თიხის ჭურჭელი და სხვ. ლ. ს-ის აღმოჩენები გვიჩვენებს ადრინდ. რკინის ხანის ინგუშეთის მოსახლეობის კულტურას, მათ კავშირს მეზობელ ტომებთან (იხ. თლიის სამაროვანი).
ლიტ.: Крупнов Е. И., Древняя истoрия Северного Кавказа, М., 1960; Мунчаев Р. М., Луговой могильник, (Исследования 1956–1957), წგ.: Древности Чечено-Ингушетии, М., 1963.